'მის კარიერას საფრთხე არ ემუქრება' | მუსიალას ნევროლოგიური დარღვევა დაუდგინდა
გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავის, 23 წლის ჯამალ მუსიალას კარიერა საფრთხის ქვეშ არ დგას - ამის შესახებ მიუნხენის ბაიერნის წყაროებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც ფეხბურთელს ნევროლოგიური დარღვევა დაუდგინდა. ჰაიდენჰაიმთან მოგებულ (4:2) ამხანაგურ მატჩში მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა, ასევე ანალოგიურად მოხდა შაბათს, ლაიფციგთან შეხვედრაშიც.
მოგვიანებით, ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განმარტა, რომ მას „აბსანსური გულყრები“ აღენიშნება, რაც დროებითი, თუმცა მკურნალობადი ნევროლოგიური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებმა კლუბის მედპერსონალი გააკრიტიკეს, ბაიერნში აცხადებენ, რომ მუსიალას მოედანზე გასვლა ექიმებთან შეთანხმებული იყო და მას უმაღლეს დონეზე თამაშის გაგრძელება უპრობლემოდ შეეძლება.
Geçirdiği trafik kazasının ardından bayılma problemi yaşayan Jamal Musiala, 3 gün önce Leipzig maçında yaşadığı bayılmanın ardından bugün Heidenheim karşılaşmasında da yeniden bayıldı 🤯 pic.twitter.com/ICFFIVf6IQ
— MkyFutbol (@mkyfutbol) August 18, 2026
მუსიალასთვის ეს უკანასკნელი პერიოდი უმძიმესი აღმოჩნდა - 2025 წლის ივლისში, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პსჟ-სთან მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ (მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა და კოჭის დაზიანება), მან ოპტიმალური ფორმის აღდგენა ვეღარ შეძლო.
მარტში კოჭის არეში გაჩენილი ტკივილების გამო პაუზის აღება მოუწია, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ფეხიდან ლითონის ფირფიტის ამოსაღებად ოპერაცია ჩაიტარა. მიუნხენელები იმედოვნებდნენ, რომ ეს ქირურგიული ჩარევა მას ძველებურ დონეზე დააბრუნებდა, თუმცა ახლა დღის წესრიგში ახალი ჯანმრთელობის პრობლემა დადგა.
თავად ფეხბურთელმა ინსტაგრამზე გავრცელებულ მიმართვაში გულშემატკივრების დამშვიდება სცადა.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ კარგად ვარ. მესმის თქვენი ნერვიულობა, თუმცა მინდა დაგამშვიდოთ: ეს ეპიზოდები შესაძლოა გარედან საგანგაშოდ გამოყურება, თუმცა ჩემთვის ამჟამად ყოველდღიურობის ნაწილია. ვიღებ საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი." - ჯამალ მუსიალა
ბაიერნი სეზონს შაბათს, ფრანც ბეკენბაუერის სუპერთასზე დორტმუნდთან მატჩით იწყებს, ბუნდესლიგის ტიტულის დაცვას კი 28 აგვისტოს შტუტგარტთან დაიწყებს.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სწრაფად დაუბრუნდება მუსიალა მოედანს. საინტერესოა, რომ მიუნხენელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას პსვ-დან მაროკოელი თავდამსხმელი ისმაელ საიბარი დაიმატეს, რომელსაც ათიანი პოზიციაზე თამაში შეუძლია და საჭიროების შემთხვევაში, ახალგაზრდა ლენარტ კარლთან და სერჟ გნაბრისთან ერთად, მუსიალას შეცვლას შეძლებს.