Belive

"მილანს მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინა" - ჩალჰანოღლუმ ყოფილი კლუბი გააკრიტიკა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის სუპერ თასის ფინალში, მილანური გრანდების დაპირისპირება შედგა. რიადში გამართული მატჩი "მილანის" მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა.

"მილანისა" და "ინტერის" მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ჰაკან ჩალღანოღლუმ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგის მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობის გამო, "როსონერის" კარმა დაუბრუნდა.

მილანური გრანდების დაპირისპირება - "დერბი დელა მადონინა" ყოველთვის დაძაბულობით გამოირჩევა. გამონაკლისი არც გასულ სეზონში გამართული მატჩები აღმოჩნდა - სკუდეტოსათვის ბრძოლაში, "მილანმა" მეტოქესთან გამართულ 2 შეხვედრაში 4 ქულის დაგროვება შეძლო, რაც საბოლოოდ საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. "როსონერიმ" მილანის ქუჩებში ტრიუმფალური საჩემპიონო მსვლელობა მოაწყო, რითიც, როგორც ჩანს ჩალჰანოღლუ განსაკუთრებით გაღიზიანდა.

"ინტერმა" შურისძიება "კოპა იტალიაზე" შეძლო, სადაც "მილანი" დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. სუპერ თასის ფინალში, "ნერაძურიმ" მოწინააღმდეგე პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრა და ჩალჰანოღლუს ყოფილი კლუბის გასაკრიტიკებლად იდეალური შესაძლებლობა მიეცა.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ. ჩვენ 3:0 გავიმარჯვეთ და სათქმელი ბევრი არაფერია - გამარჯვება გვწყუროდა, "მილანს" კი ჩვენს მიმართ მეტი პატივისცემის გამოვლენა მართებდა. არ მსურს ამ თემას შევეხო, მაგრამ კარმა ყოველთვის ბრუნდება", - ჰაკან ჩალჰანოღლუ.

შეგახსენებთ, რომ 2017-21 წლებში, თურქი ვარსკვლავი "მილანის" ღირსებას იცავდა. "როსონერის" მაისურით ჩატარებულ 135 შეხვედრაში, ჩალჰანოღლუმ 22 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც "ინტერის" მაისური მოირგო.

სხვა სტატიები