მეცის დირექტორი: "გიორგი მიქაუტაძემ შეიძლება დაგვტოვოს"
ფრანგული "მეცის" სპორტულმა დირექტორმა, პიერე დრეოსიმ ლიგა 1-ში დაბრუნებული გუნდის მომდევნო სეზონის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა გუნდი გიორგი მიქაუტაძემ დატოვოს.
"ჩვენ უნდა ვენდოთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც "მეცს" ფრანგული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებაში დაეხმარნენ.
ამის შემდეგ, ლიგა 1 სხვა თვისებებს მოითხოვს, ამიტომ ვეცდებით გავაუმჯობესოთ ჩვენი ადამიანური რესურსი, თუმცა ეს რა თქმა უნდა, ფეხბურთელების გაშვების შეზღუდვით უნდა გავაეკთოთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ გიორგი მიქაუტაძე დაგვტოვებს.
ვფიქრობ, სულ 4 ან 5 ახალი ფეხბურთელი შემოგვიერთდება. შევეცდებით, რომ ცნობილ სახელსა და გვარზე აქცენტი გავაკეთოთ, მაგრამ ჯერ უნდა ვეცადოთ, რომ ბალანსი ვიპოვოთ სახელფასო ბიუჯეტში. მთავარია შევქმნათ, ისეთივე ძლიერი გუნდი, როგორც ეს წინა სეზონში გავაკეთეთ", - თქვა პიერე დრეოსიმ.
მიქაუტაძე, რომელმაც განვლილ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, ევროპის ტოპ ჩემპიონატის წარმომადგენელი არაერთი კლუბის ინტერესთა სფეროშია, მათ შორის იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდის, ტურინის “იუვენტუსის”, თუმცა ყველაზე რეალური მისი პრემიერ ლიგაში დაბრუნებულ “ბარნლიში” გადაბარგებაა.