მესი თუ რონალდუ?! - ედენ აზარმა საინტერესო აზრი დააფიქსირა
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ბელგიური ფეხბუთის ლეგენდამ და ერთ დროს ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა და პერსპექტიულმა ფეხბურთელმა - ედენ აზარმა, ინტერვიუებსა და გულწრფელ საუბრებს კიდევ უფრო დიდი დრო დაუთმო.
ედენ აზარმა ამჯერად ინტერვიუ ცნობილ ფრანგულ გამოცემა "Lequipe"-ს მისცა, სადაც ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შედარებაზე.
"რთული კითხვაა, ამ ორივემ შეცვალეს ფეხბურთი და სრულიად სხვა დონეზე აიყანეს. ცოტა მერიდება, რომ ამ ორიდან ერთი უნდა ავირჩიო და თან განვმარტო, რომელი რომელს სჯობს და რატომ, მაგრამ ჩემს აზრს დავაფიქსირებ.
ზოგადად ბარსელონას ფეხბურთი მიყვარდა, როგორ სტილსაც ისინი თამაშობდნენ არ მომწონდა, თუმცა, ამავდროულად აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ისეთი ძლიერი გუნდი, როგორიც გვარდიოლას ბარსელონა იყო, ფეხბურთის ისტორიაში სხვა არ მახსენდება.
ლეო მესი იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბარსელონას თამაშებისთვის მეყურებინა. გარდა ყურებისა, მის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრჯერ მითამაშია და მინდა იცოდეთ, რომ მასთვის ბურთის წართმევა უბრალოდ შეუძლებელია.
ასე რომ, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.
რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მის შესახებ სულ პატარა კომენტარს გავაკეთებ და ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, მე უფრო ტექნიკური ფეხბურთელი ვიყავი, ვიდრე კრიშტიანუ..." - ედენ აზარი
შეგახსენებთ, რომ ედენ აზარმა პროფესიონალური კარიერა ფრანგულ "ლილში" დაიწყო, რომელიც შემდეგ უკვე პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი "ჩელსიში" გაგრძელდა, სადაც ლეგენდის სახელი დატოვა.
ლონდონურ კლუბში გატარებული დიდებული წლების შემდეგ, ედენ აზარის კარიერა "სამეფო კლუბში" გაგრძელდა, სადაც მან თავი ვერაფრით გამოიჩინა, საბოლოოდ კი, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
საკლუბო პროფესიონალურ კარიერაში ედენ აზარმა 623 მატჩი ჩაატარა, სადაც გოლით თავი 167-ჯერ, საგოლე გადაცემით კი 157-ჯერ გამოიჩინა.
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ედენ აზარმა ბელგიის ნაკრებში 126 თამაში ითამაშა, სადაც 33 გოლის გატანა შეძლო.