მესი-სუარესის ტანდემი გაგრძელდება - ურუგვაელი ამერიკაში მიდის
ლუის სუარესი, რომელიც ბოლო წლებია ევროპული ფეხბურთის სცენიდან გაქრა და მშობლიურ კონტინენტზე დაბრუნდა, თავის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პარტნიორთან მოედანზე და მეგობართან მოედნის მიღმა, ლიონელ მესისთან ბრუნდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული და ამერიკული მედია ავრცელებს და წერს, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი "ინტერ მაიამის" ფეხბურთელი გახდება.
თავად 36 წლის თავდამსხმელმა აღიარა, რომ მისი ამჟამინდელი გუნდი, ბრაზილიური "გრემიო" და MLS-ის წარმომადგენელი მხარე ერთმანეთს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ესაუბრნენ. საუბარია ერთწლიან კონტრაქტზე, რომელსაც გახანგრძლივების შესაძლებლობაც ექნება.
ლუის სუარესს "ინტერ მაიამიში" გადასვლის შემთხვევაში "ბარსელონაში" მის ყოფილ თანაგუნდელებთან, ჟორდი ალბასთან და სერხიო ბუსკეტსთან ერთად თამაშის შესაძლებლობა ექნება.
ურუგვაის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეს "ბარსელონაში" 2014-20 წლებში აქვს ნათამაშები და 5-ჯერ ლა ლიგა, 4-ჯერ ესპანეთის თასი და ორჯერ სუპერთასი, თითო-თითოჯერ კი უეფას ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული. "ბარსას" შემადგენლობაში 283 მატჩში მან 195 გოლის გატანა მოახერხა.