Belive

,,მესი და პსჟ, კავშირის დასასრული?'' - Goal.com ლეოს პარიზული გუნდიდან შესაძლო წასვლაზე წერს

1 წლის წინ ფეხბურთი
9 წთ

Goal.com-მა ,,პარი სენ ჟერმენსა'' და ლეო მესის შორის კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებას სტატია მიუძღვნა. როგორც ვებგვერდი წერს, არგენტინელის პარიზში კიდევ ერთი წლით დარჩენას აზრი არ აქვს.

,,ეს შოკისმომგვრელია... ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა დროის უდიდეს მოთამაშეზე, ,,ოქროს ბურთის' შვიდგზის გამარჯვებულსა და მსოფლიო ჩემპიონზე, რომელსაც საკუთარი გუნდის მხარდამჭერებმა უსტვინეს და აბუჩად აიგდეს.

,,უხერხულია... არ შეიძლება შენი გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს უსტვინო, მის ანგარიშზე ამ სეზონში 13 გოლი და 13 ასისტია. პირადად მე ვისურვებდი, რომ მან კარიერა ,,ბარსელონაში'' დაასრულოს. ამის შემდეგ არ ვიცი, რას გააკეთებს. ფეხბურთის სიყვარულისთვის ის ,,ბარსელონაში'' უნდა დაბრუნდეს,'' - განაცხადა ტიერი ანრიმ. და შეიძლება, ასეც მოხდეს - ჟოან ლაპორტამ, ხავი, სერხი რობერტომ, ყველამ თქვა, რომ ლეოს ,,კამპ ნოუ'' ხელგაშლილი დახვდება. თუმცა, ასევე შესაძლებელია, რომ ის ,,პარკ დე პრენსზე'' დარჩეს და ბოლოდროინდელი ამბების შემდეგ ჩნდება კითხვა: ,,რატომ უნდა სურდეს ეს? მესი აშკარად უფრო მეტს იმსახურებს. მაგრამ, ისიც საკითხავია, რატომ სურს ,,პსჟ-ს'' მისი შენარჩუნება?

პსჟ-ს პროექტი - ამჟამინდელი სიტუაციის გასაგებად, ,,პსჟ-ს'' პროექტის გაცნობაა საჭირო. როცა გუნდის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი მედიაში პირველად გამოჩნდა, ამტკიცებდა, რომ ,,პსჟ'' არა მესის მსგავსი სუპერვარსკვლავების გაფორმებას ეცდებოდა, არამედ მომავალი ვარსკვლავების აღმოჩენას. თუმცა, იმისთვის, რომ წარმატების შანსი გაზრდილიყო, გუნდში მაინც მიიყვანეს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი და დევიდ ბექჰემი არიან.

ალ ხელაიფის სარეკლამო კამპანიის მიზანი იყო კლუბის გლობალურ დონეზე ისეთ ბრენდულ სახელად ქცევა, როგორებიც ნაიკი და ადიდასია. როცა საქმე ეხებოდა სტადიონზე ქომაგებს და მათთან ურთიერთობას, ის NBA-ის მაგალითს ითვალისწინებდა. ყურადღებით აკვირდებოდა, რა მოხდებოდა შესვენებაზე, როგორ გაიყიდებოდა საჭმელი, შეძლებდნენ თუ არა ქომაგები შეკვეთის გაკეთებას ადგილებიდან... მისი გარემოცვა ამბობს, რომ მცირე დეტალებითაა შეპყრობილი, მუდმივად იძიებს ინფორმაციას, ყოველთვის ცდილობს, კლუბმა სხვისი გამოცდილება გაიზიაროს და კითხულობს, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება უკეთესად.

,,პსჟ'' საკუთარ თავს ახალი თაობის გუნდად განიხილავს. ათი წლის წინ, მათ 500 ათასი მიმდევარი ჰყავდათ, ახლა კი მათი რიცხვი 140 მილიონზე მეტია. ალ-ხელაიფის არ ავიწყდება, რომ ,,პარი სენ ჟერმენი'', უპირველს ყოვლისა, ფრანგული გუნდია. ცნობილია, რომ ნაიკთან შეხვედრისას, ის ეკიპირებაზე საფრანგეთთან ან პარიზთან დაკავშირებული სიმბოლოების დამატებას ითხოვდა, რათა ამ გლობალური ბრენდის ფესვები ყველასთვის შეეხსენებინა. ისიც მოითხოვა, რომ ,,პარკ დე პრენსის'' VIP ზონაში არსებული საკვები, საუკეთესო ფრანგული კვების ობიექტებიდან მიეღოთ. შედეგი კი ის არის, რომ თამაშებზე გუნდის პროდუქციით სულ უფრო და უფრო მეტი ცნობილი ადამიანი ჩნდება და ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ ,,პსჟ-მ'' პოპულარიზაციისთვის ფული გადაუხადა, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ბრენდი მოსწონთ.

,,პარი სენ ჟერმენმა'' თავად აღიარა, რომ ისინი ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ისტორიითა და მემკვიდრეობით, როგორც ევროპული გრანდები. მათ გულშემატკივართა დიდი ბაზა არ ჰყოლიათ, ამიტომ ყურადღების მისაპყრობად მაღალი დონის მოთამაშეების ყიდვა მოუწიათ. ასევე, სჭირდებოდათ ევროტურნირზე წარმატება, რადგან ლიგა 1-ის მოგება საკმარისი აღარ იყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი თანხა დაიხარჯა, ჩემპიონთა ლიგის მოგება გუნდმა მაინც ვერ შეძლო (ალ-ხელაიფი ქომაგებს ლიგის მოგებას 5 წლის განმავლობაში დაპირდა). 2017 წლის ზაფხულში კლუბმა ნეიმარი და კილიან მბაპე რეკორდულ თანხებად შეიძინა, რადგან თვლიდნენ, რომ წყვილი გუნდს სულ სხვა სპორტულ და კომერციულ დონეზე აიყვანდა. ამან თითქმის იმუშავა კიდეც, როცა ,,ბაიერნმა'' ,,პსჟ'' ლიგის ფინალში მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. 2020-2021 წლების სეზონის შემდეგ კი, როცა მათ პოლიტიკაში აშკარა ხარვეზები გამოჩნდა, პარიზელებმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გაიფორმეს - მართალია მესი თავისუფალი აგენტი იყო, მაგრამ ხელი კოლოსალურ კონტრაქტს მოეწერა.

მესის ეფექტი - კარგ მეგობარ ნეიმართან და მემკვიდრე მბაპესთან ერთად თამაშის პერსპექტივა ამაღელვებელი არა მხოლოდ ,,პსჟ-ს'', არამედ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის იყო. გუნდმა მესის ერთი მილიონი მაისური 6 თვეში გაყიდა. გარდა ამისა, კლუბმა პარტნიორობა Autohero-სთან, Smart Good Things-სთან და Gorillas-თან დაიწყო. ლეოს გაფორმებიდან პირველივე კვირაში სოციალურ ქსელში ,,პარი სენ ჟერმენის'' გამომწერთა რაოდენობა 20 მილიონით გაიზარდა, რაც მას შემდეგ ყოველთვიურად 1 მილიონით იმატებს.

მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ,,პსჟ-ს'' მაისურით 11 გოლი გაიტანა, გუნდი ახალი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიეს ხელმძღვანელობით დაფრინავდა და დაუმარცხებელი იყო. შესაბამისად, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ლეო პარიზში კიდევ ერთი წლით დარჩებოდა. მართლაც, მუნდიალის დასრულებამდე, გუნდს ახალი კონტრაქტის შეთავაზება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და მათი აზრით, მოლაპარაკებები გასული წლის ბოლომდე დასრულდებოდა. თუმცა, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ მესიმ ,,პსჟ'' უბრალოდ გამოიყენა, რათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებულიყო.

წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, მესი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ის ნამდვილად არაა გუნდის მთავარი პრობლემა, თუმცა ქომაგები მის გადმოსვლას კომერციულ გარიგებად განიხილავენ და არა სპორტულ სვლად. ისინი მიიჩნევენ, რომ ლეომ ცოტა რამ გააკეთა იმისთვის, რათა ფანებისა და კლუბის მიმართ ნამდვილი სიყვარული დაემტკიცებინა. გასული წლის განმავლობაში ის მატჩის შემდეგ ფანებთან სულ ერთხელ მივიდა და ისიც ნეიმარის თხოვნით.

მესი და პსჟ, კავშირის დასასრული? - პსჟ-ს პრობლემა აქვს, მესი გუნდის ამჟამინდელი პროექტის განუყოფელი ნაწილია, ფულის გამომუშავების მარკეტინგული ინსტრუმენტი. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მისი მომავლის შესახებ განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა. თუმცა, ცხადია რომ მესისთან, ნეიმართან და მბაპესთან ერთად გაგრძელება სპორტული და ეკონომიკური თვალსაზრისით არამდგრადია. ამ ზაფხულს ვიღაც უნდა წავიდეს... ნაკლებსავარაუდოა, რომ ნეიმარს მყიდველი გამოუჩნდეს, ტრავმებისადმი მიდრეკილი 31 წლის გარემარბია, რომელსაც ხელფასზე დიდი მოთხოვნები აქვს. ,,პსჟ-ს'' არ შეუძლია მბაპეს დაკარგვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ მესის შენარჩუნება, რადგან მას ხელფასის შემცირება არ სურს. მან ზუსტად იცის თავისი ღირებულების შესახებ და უნდა, რომ გუნდისგან გარანტიები მიიღოს.

მესის კარიერის გაგრძელება უმაღლეს დონეზე, ევროპულ გუნდში სურს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ამიტომ, მომგებიანი შეთავაზების მიუხედავად, ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ ზაფხულს საუდის არაბეთში გადავიდეს. ასეთ პირობებში ,,ბარსელონა'' თითქმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თანაც ისინი ლეოს ფაქტობრივად ევედრებიან, რომ ,,კამპ ნოუზე'' დაბრუნდეს.

ეს ნაბიჯი მესისთვისაც საზრიანი იქნებოდა და ,,პსჟ-სთვისაც''. სულ მცირე მოკლევადიან პერიოდში კომერციული შედეგები პოტენციურად საზიანო იქნება, მაგრამ კლუბმა ამჟამინდელ სტრატეგიას სერიოზულად უნდა გადახედოს. Qatar Sports Investments-ი აშკარად ამაყობს იმ გზით, რომლითაც 70 მილიონ ევროდ შეძენილი ბრენდი 2.2-მილიარდიან ბრენდად გარდაქმნეს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მათი კომერციული პროგრესი სპორტულ წარმატებაში არ გადაიზარდა. ,,პსჟ-მ'' საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, როგორი გუნდობა სურს, რადგან სუპერვარსკვლავების გაფორმების მიუხედავად, შედეგები ისევ სავალალოა, ამან კი გულშემატკივრები დაღალა. იქნებ, დროა, რაიმე განსხვავებული ვცადოთ? იქნებ, დადგა დრო, რომ ვფოკუსირდეთ ფეხბურთზე და არა ფინანსებზე? არის დრო იმის, რომ შევქმნათ გუნდი და არა - ბრენდი?'' - წერს Goal.com-ი.

არაერთი წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე მესი ,,პსჟ-სთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და, დიდი ალბათობით, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ბოლო დროს მისი კატალონიის ,,ბარსელონაში” შესაძლო დაბრუნების შესახებ კი სულ უფრო და უფრო მეტი იწერება.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 18 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.

 

სხვა სტატიები