"მეორე ტაიმში ოთარი შემოვიდა და თამაში თავის თავზე აიღო" - შტურმის მეკარე
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში გრაცის "შტურმი" "ლინცს" ესტუმრა და ოთარ კიტეიშვილის გუნდმა 1:2 გაიმარჯვა. გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. კიტე შეხვედრაში 58 წუთზე ჩაერთო და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
მატჩის შემდეგ გრაცის "შტურმის" ნიდერლანდელმა მეკარემ, კიელ შერპენმა კომენტარი გააკეთა და ოთარ კიტეიშვილის უდიდეს წვლილსაც გაუსვა ხაზი, თავის მხრივ კიტემაც ისაუბრა მედიასთან:
პირველ ტაიმში ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით. გოლის გაშვების შემდეგ კონტროლი უფრო გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში ოთარი შემოვიდა და თამაში თავის თავზე აიღო. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მადლობა კიტეს! - კიელ შერპენი - გრაცის "შტურმის" ფეხბურთელი
ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ის ("ლინცი") წელს სრულიად განსხვავებული გუნდია და ძალიან კარგ ფორმაში არიან. ბოლო დროს ცოტა რთული პერიოდი გვქონდა, დღესაც რამდენიმე მომენტში არ გაგვიმართლა, პირველი 30 წუთი თამაშს ვაკონტროლებდით და გოლი გავუშვით.
ამ ეპიზოდის შემდეგ თამაში რთულად წარიმართა. საბოლოო ჯამში, ჩვენი შანსები უკეთ უნდა გამოვიყენოთ, განსაკუთრებით კონტრშეტევაზე. ის, რაც ბოლო წუთში მოხდა, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ბუნდესლიგის საუკეთესო მეკარე გვყავს და დღეს მან სამი ქულა გადაგვარჩინა. - ოთარ კიტეიშვილი - გრაცის "შტურმის" ფეხბურთელი
მომდევნო შეხვედრას გრაცის "შტურმი" 2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ბრიუგეს" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.