მარსელ დესაი კილიან მბაპეს ურჩევს, რომ კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მარსელ დესაიმ, ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელის, კილიან მბაპეს, მადრიდის ,,რეალში'' შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა:
,,მე სულ სხვა კონტინტეტს ვურჩევდი. დარწმუნებული არ ვარ, რომ რეალი მისთვის საუკეთესო ადგილია. მათ მარცხენა ფლანგზე ვინისიუს ჟუნიორი ჰყავთ, ასევე, გუნდში არაერთი ტალანტია, მათ შორის - ჯუდ ბელინგემი. მბაპე იქ უდავო ლიდერი არ იქნება, არადა, მას სწორედ ეს სურს.
თუ საფეხბურთო ბიზნესს გავითვალისწინებთ, მის ადგილას საუდის არაბეთში გადავიდოდი, სადაც წელიწადში 350 მილიონ ევროს მივიღებდი. მომავალ სეზონში კი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის წელია, უკან დავბრუნდებოდი... კილიანი მხოლოდ 26 წლის იქნება და წინ სათამაშოდ კიდევ დიდი დრო ექნება.
როგორც ბიზნესმენი, სწორედ ამას ვგრძნობ. მგონია, რომ მას ერთი წლით ევროპული ფეხბურთის დატოვება და საუდის არაბეთში გადასვლა შეუძლია. თანაც, მათი ჩემპიონატი კონკურენტუნარიანია, სტადიონები ივსება...
საუდის არაბეთს ფეხბურთის პოპულარიზაცია სურს, როგორც ეს 2005 წელს კატარმა ქნა. მაშინ იქ მეც ვთამაშობდი და ერთ-ერთი ვარსკვლავი ვიყავი. ვფიქრობ, მბაპეს დიდებული შესაძლებლობა აქვს, ერთდროულად ითამაშოს და ბიზნესიც აკეთოს.'' - მარსელ დესაი
რამდენიმე კვირის წინ, არაერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ დაწერა, რომ ,,რეალსა'' და მბაპეს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ფრანგი ზაფხულში ,,სამეფო კლუბს'' შეუერთდება.
მიმდინარე სეზონში 25 წლის შემტევის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 43 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, კილიანის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონი ევროა.
Le conseil fou de Marcel Desailly à Kylian Mbappé ! 😳
— Instant Foot ⚽️ (@lnstantFoot) May 8, 2024
« Je ne suis pas sûr que Madrid soit l'endroit idéal pour lui. Il devrait aller en Arabie Saoudite et prendre 350M€ une saison là-bas puis revenir la saison prochaine, année de la Coupe du Monde. » pic.twitter.com/Kz4rQlW8K8