Belive

მარადონას თანაგუნდელი: "კვარაცხელიას შეჩერების ერთადერთი გზა არსებობს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლის" ისტორიულმა ფიგურამ, ჯუზეპე ბრუსკოლოტიმ, რომელიც გუნდის კაპიტანი გახლდათ და 1986/87 წლების სეზონში, დიეგო მარადონასთან ერთად, ისტორიაში პირველად ნეაპოლიტანელების მიერ მოგებული სკუდეტოს მონაწილე გახდა, გუნდის ამჟამინდელი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრასაც შეეხო, რომელშიც მისმა ყოფილმა გუნდმა ამსტერდამის "აიაქსი" - 6:1 გაანადგურა.

"ვფიქრობ, რომ "აიაქსს" რუდ კროლის მსგავსი ფიგურა სჭირდება, რომელიც მათ მისცემს ყველა საჭირო რჩევას იმისთვის, რომ გაუმჯობესდნენ როგორც ტაქტიკურად, ისე ტექნიკურად. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ისეთ ჩემპიონზე, რომელმაც ისტორია დაწერა და რომელსაც აქ, ნეაპოლში კარგად ვიცნობთ.

იმ პერიოდში, როცა ვიქტორ ოსიმენი მოედანზე არ არის, მისი ჩანაცვლების ერთი ან ორი ვარიანტი არსებობს. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, იმისთვის, რომ მას მცველებმა ხელი შეუშალონ, აქ მხოლოდ ერთი გზა არსებობს. ეს გზა არის ის, რომ კვარას მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებმა მცირე სივრცე დაუტოვონ. ეს არის ისეთი მეთოდი, რომლითაც მე ჩემი კარიერის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი.

"ნაპოლის" დიდი პოტენციალი აქვს და ამ გუნდს შეუძლია, რომ სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს. ისინი შესანიშნავ სანახაობას გვთავაზობენ და მათ შორს წასვლა შეუძლიათ", - თქვა 71 წლის ვეტერანმა მარჯვენა მცველმა, რომელიც "ნაპოლის" შემადგენლობაში 16 წლის განმავლობაში თამაშობდა.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის” აქ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე, 2022/23 წლების სეზონში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

შემდეგ მატჩს ნეაპოლელები იტალიის სერია A-ში, 9 ოქტომბერს, “კრემონეზეს” წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები