მანჩესტერის ლეგენდები კერიკს მაინც არ ენდობიან
პრემიერ ლიგის 23-ე ტურში, არსენალმა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. "წითელ ეშმაკებში", ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ კერიკმა, ჯერ მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოასწრო და ორივე მოიგო - თან ვისთან, ჩემპიონატის პირველ და მეორე ადგილოსნებთან. იუნაიტედმა ჯერ მანჩესტერულ დერბიში დაამარცხა სიტი (2:0), შემდეგ კი არსენალიც მიაყოლა. ამ ემოციური თამაშების მიუხედავად, იუნაიტედის ლეგენდები, გარი ნევილი და როი კინი, მაიკლ კერიკს არ ენდობიან და მას მწვრთნელად მხოლოდ სეზონის ბოლომდე ხედავენ.
მაშინაც კი, თუ იუნაიტედი ამ სეზონში ყველა თამაშს მოიგებს, მე კერიკს მაინც არ მივცემდი სამსახურს. ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შესაფერისია ამ სამუშაოსთვის.
კლუბის ზომისა და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მათ სჭირდებათ მენეჯერი, რომელსაც შეუძლია იუნაიტედს ტიტულების მოგებაში დაეხმაროს. მართლა გჯერათ, რომ კერიკს ეს შეუძლია? ეს ჩემთვის საკმარისი არ არის. არ მჯერა, რომ ის არის კაცი, ვინც მათ ტიტულებს მოუტანს. - განაცხადა როი კინმა
მანჩესტერ იუნაიტედმა, ბოლო 12 წლის განმავლობაში, არაერთხელ ითამაშა ემოციებით. გულწრფელად რომ ვთქვა, უზომოდ კმაყოფილი ვარ იმით, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვნახე.
ვფიქრობ, სწორი იქნება, რომ კერიკი თავის პოსტზე სეზონის ბოლომდე დარჩეს და ესტაფეტა ტუხელს ან ანჩელოტის გადააბაროს - მას, ვინც მსოფლიო დონის მწვრთნელია - ეს უკვე გარი ნევილის სიტყვებია
2 დიდი გამარჯვების შემდეგ, ცოტა უცნაურია, რომ გუნდის ლეგენდები კერიკს უკვე გასაშვებად იმეტებენ. იუნაიტედის მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა იქნება, ამ მომენტისთვის კი, ისინი სწორედ მეოთხე ადგილზე არიან და უსწრებენ როგორც ჩელსის, ასევე ლივერპულს.