მანჩესტერი რიოში | რეტრო ისტორია
25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნატედმა სადებიუტო FIFA-ს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილება მიიღო. ტურნირს რიო-დე-ჟანეირომ და სან-პაულომ უმასპინძლეს. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა მიზეზით იასპარეზა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ ტურნირზე, რა შედეგები ჰქონდა და პარალელურად, რეტრო ფოტოებსაც გაგიზიარებთ.
მაშინ, როდესაც ინგლისში საფეხბურთო ციებ-ცხელება მიმდინარეობდა, ევროპის კონტინენტის გამარჯვებული, "მანჩესტერ იუნაიტედი" 8-გუნდიან ტურნირში ჩაერთო. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს FA თასზე მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწია, რაც ინგლისში დიდი განსჯის საგანი გახდა.
ვიაზრებთ, რომ გულშემატკივრების ნაწილს იმედი გაუცრუვდება, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედს აქვს შესაძლებლობა, გახდეს პირველი გუნდი, რომელიც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს მოიგებს. - კლუბის ოფიციალური განცხადება.
სასწორზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ იდო: ინგლისს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურდა და FIFA-ს მიერ დაორგანიზებულ ტურნირზე ინგლისური კლუბის მონაწილეობა სტრატეგიული მნიშვნელობითაც აიხსნებოდა. ამას ფერგიუსონის სიტყვებიც ადასტურებს, რომელმაც თქვა, რომ ტურნირზე მონაწილეობით, "მანჩესტერი" ინგლისს განაცხადის გაკეთებაში დაეხმარა, თუმცა გუნდმა საკუთარ თავს ავნო.
ფერგი გადაწყვეტილებას ნანობდა, თუმცა კომპრომისი რაიმეზე აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო. შეუძლებელი იყო, გუნდს FA თასზეც ეთამაშა, ბრაზილიაშიც გამგზავრებულიყო, პრემიერ ლიგის ტიტულისთვისაც ებრძოლა და ჩემპიონთა ლიგაზეც ეასპარეზა.
ბრაზილიაში გამგზავრება და მსოფლიოს სხვადასხვა კლუბთან თამაში ყველას გვსურდა, მაგრამ FA თასზე უარის თქმა არავის უხაროდა. - დევიდ ბექჰემი
"იუნაიტედი" B ჯგუფში ასპარეზობდა და მისი მოწინააღმდეგეები ჩრდ. ამერიკის ჩემპიონი "ნეკაკსა" (მექსიკა), კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული "ვასკო და გამა" (ბრაზილია) და ოკეანეთის წარმომადგენელი "საუთ მელბურნი" (ავსტრალია) იყვნენ.
A ჯგუფის მატჩები სან-პაულოში გაიმართა. მონაწილე გუნდები:
მადრიდის რეალი (1998 წლის საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული);
ალ ნასრი (აზიის სუპერ თასის გამარჯვებული);
კორინთიანსი (ბრაზილიის ჩემპიონატის გამარჯვებული);
რაჯა კასაბლანკა (აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული).
პირველ მატჩში, "მანჩესტერი" "ნექსაკას" დაუპირისპირდა. ცხადია, ინგლისური კლუბი ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ანგარიში მექსიკელებმა გახსნეს, შემდეგ უხეშობისთვის ბექჰემი გააძევეს, ორივე გუნდმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა დუაიტ იორკმა შეცდომა გამოასწორა და მატჩის მიწურულს გამათანაბრებელი გოლი გაიტანა.
ტურნირის წესების მიხედვით, ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსანი გადიოდა. შესაბამისად, "ვასკო და გამასთან" მატჩში ფერგის გუნდს აუცილებლად უნდა გაემარჯვა, თუმცა მოვლენები აქაც მოულოდნელად განვითარდა. გარი ნევილმა კარიერში ერთ-ერთი ყველაზე უსახური მატჩი ჩაატარა და მეტოქეს 3 წუთში ორი ბურთის გატანის საშუალება მისცა: ჯერ ბურთი ედმუნდოს ჩააბარა, რომელმაც რომარიოს ცარიელ კარებში გაატანინა, შემდეგ კი მკერდით ბურთი პირველი გოლის ავტორს დაუგდო, რომელმაც მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარებში შეასრიალა. პირველი ტაიმის მიწურულს, ედმუნდომ ჩინებული გოლი შეაგდო და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ფერგის გუნდმა მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლო პრესტიჟის გოლის გატანა.
სამწუხაროდ, ფეხბურთელმა, რომელიც ყველაზე საიმედოა, ორი შეცდომა დაუშვა, რამაც ეს მატჩი წაგვაგებინა. - ალექს ფერგიუსონი.
ჯგუფის დასკვნით მატჩში, "იუნაიტედი" ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ მონაწილეს, "საუთ მელბურნს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში, MU მესამე ადგილისთვისაც იბრძოლებდა, თუმცა "ნეკაქსას" ბურთების უკეთესი შეფარდება ჰქონდა და შედეგად, ფერგის გუნდი ტურნირს გამოემშვიდობა.