Belive

მანჩესტერ სიტისთვის სერიოზული დარტყმა - ინვესტორებმა 2-მილიარდიანი გარიგება ჩაშალეს

3 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

მანჩესტერ სიტის მფლობელ კომპანია City Football Group-ს სერიოზული პრობლემა შეექმნა. ამერიკულმა საინვესტიციო ჯგუფმა, Apollo Global Management-მა ორი მილიარდი დოლარის სესხის გაცემაზე მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც დამოუკიდებელმა კომისიამ ინგლისური კლუბი პრემიერ ლიგის ფინანსური წესების დარღვევაში დამნაშავედ ცნო.

Financial Times-ის ინფორმაციით, Apollo გარიგების ბოლო ეტაპზე იყო, თუმცა სექტემბერში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შეთანხმებაზე უარი თქვა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-იც ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 2026 წლის სექტემბერში დამოუკიდებელმა კომისიამ სიტი 114 ფინანსურ დარღვევასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაში, დამნაშავედ ცნო. კომისიის დასკვნით, 2009/18 წლებში, კლუბმა კომერციული შემოსავლები ხელოვნურად გაზარდა და ხარჯები 900 მილიონ ფუნტზე მეტით შეამცირა.

Apollo-ს მიერ შეთავაზებული 2-მილიარდიანი დაფინანსება City Football Group-ს არსებული საკრედიტო ვალდებულებების რეფინანსირებასა და ფინანსური რესურსების გაზრდაში დაეხმარებოდა. კომპანია რამდენიმე კონტინეტზე სხვადასხვა საფეხბურთო კლუბს ფლობს. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი სწორედ მანჩესტერ სიტია.

აღსანიშნავია, რომ შეიხ მანსურმა კომისიის გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მომდევნო თვეში, City Football Group-ში დამატებით 100 მილიონი ფუნტი შეიტანა. ამერიკული საინვესტიციო ჯგუფის გადაწყვეტილება კიდევ უფრო ზრდის გაურკვევლობას მანჩესტერ სიტის მფლობელი კომპანიის ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით.

სხვა სტატიები