მამარდაშვილი და კიდევ 4 - ბრიტანული მედია მანჩესტერში დე ხეას შემცვლელების სიას აქვეყნებს
"მართალია დავიდ დე ხეამ 2022/23 წლების პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მეკარის წოდება მოიპოვა, თუმცა ეს შეიძლება მისი ბოლო ჯილდო აღმოჩნდეს "მანჩესტერ იუნაიტედის" #1 კარის დარაჯის სტატუსით", - წერს livescore.com-ი და განმარტავს, რომ ბოლო სეზონების განმავლობაში, ესპანელი მეკარის შეცდომების რაოდენობის ზრდა ერიკ ტენ ჰაგს უბიძგებს, რომ დე ხეა მისთვის მეკარის პოზიციაზე მთავარი არჩევანი აღარ იყოს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს მისი შემვლელის მოყვანაზე იფიქროს.
ამავე დროს, დასახელებულია 5 პოტენციური ვარიანტი, რომლებმაც შესაძლოა "წითლების" მთავარი მეკარის სტატუსი შემდეგი სეზონიდან მოირგონ და ჯორდან პიკფორდის, დევიდ რაიას, მაიკ მენიოსა და დიოგო კოშტას სახელების გვერდით, საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილიცაა ნახსენები.
"იუნაიტედმა" დე ხეა 20 წლის ასაკში 12 წლის წინ გააფორმა და ახლა მისი შეცვლა კიდევ ერთი ლა ლიგიდან წამოყვანილი მეკარით შეიძლება.
გიორგი მამარდაშვილი, ქართველი ფეხბურთელი, რომელიც "ვალენსიაში" თამაშობს, არის დიდი მიზეზი იმისა, რომ მისი გუნდი ამ სეზონში ლა ლიგადან არ დაქვეითდა.
"ვალენსიას" მიერ გაშვებული გოლების რაოდენობა მოსალოდნელზე 7-ით ნაკლები იყო, რაც კარგი მეკარის კარგ მუშაობაზე მიანიშნებს. ხოლო მისი მონაცემების დასტური ის ფაქტია, რომ ლა ლიგაში, მოგერიებებში სეზონის მეხუთე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (105) ჰქონდა", - წერს livescore.com-ი.
2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში 42 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “დინამო თბილისიდან” იჯარის წესით შეუერთდა, ზამთარში კი ესპანურმა კლუბმა ქართველი მეკარის კონტრაქტი 800 000 ევროდ გამოისყიდა.
ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და “ლესტერ სიტის”, ასევე პორტუგალიურ “პორტუს” აქვთ და მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ალბათობით ქართველი მეკარე კლუბს შეიცვლის.