მაიკლ ოლივერმა ვან დაიკისა და პიკფორდის ინციდენტზე ისაუბრა
4 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
უმრავლესობის აზრით პიკფორდი ვან დაიკთან უხეშობის გამო მოედნიდან უნდა გაეძევებინათ, თუმცა მაიკლ ოლივერმა და VAR-ის გუნდმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. სწორედ ამ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა 35 წლის ინგლისელმა. ოლივერმა საკუთარი შეცდომა აღიარა და განაცხადა, რომ პიკფორდს დაუყოვნებლივ უნდა მიეღო წითელი ბარათი.
"თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ პენალტი ვერ იქნებოდა, რადგან ჩავთვალეთ, რომ ინციდენტის მომენტში ვან დაიკი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ამიტომ პირველ რიგში მომენტი თამაშგარე მდგომარეობაზე უნდა შეგვემოწმებინა. VAR-ის გუნდს ვუთხარი, რომ თუ თამაშგარე არ იქნებოდა, პენალტს დავნიშნავდი". "ძალიან ბევრჯერ ვნახე ეპიზოდი და გულწრფელად მიმაჩნია, რომ პიკფორდი კარის დაცვას ცდილობდა და ვან დაიკისთვის ტრავმა განზრახ არ მიუყენებია, თუმცა ტრავმის სირთულე გვაჩვენებს, რომ "ევერტონის" მეკარე არასწორად მოიქცა". "ყველა ჩვენგანი და, მათ შორის, მეც პრობლემას ისე არ მივუდექით, როგორც საჭირო იყო. შეგვეძლო თამაშგარე დაგვეფიქსირებინა და პიკფორდიც გაგვეძევებინა მოედნიდან".ოლივერმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ინციდენტს იხსენებს, გაოცებული რჩება იმ ფაქტით, რომ "ლივერპულის" მოთამაშეები არც ისე აქტიურად ითხოვდნენ წითელ ბარათს პიკფორდისთვის.
"როცა ამ მომენტს ვიხსენებ, გაოცებული ვრჩები, რადგან მახსოვს, რომ წითელი ბარათის ჩვენება არც ერთ ფეხბურთელს არ მოუთხოვია. ჩვენ თამაში თამაშგარეს დაფიქსირების შემდეგ უნდა გაგვეგრძელებინა, თუმცა პიკფორდი აუცილებლად უნდა დასჯილიყო".შეხვედრა, რომელშიც ვან დაიკმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, ფრედ 2:2 დასრულდა.