Belive

მადრიდული დერბის მსაჯი დასაჯეს | არიასი ლა ლიგის 2 ტურს გამოტოვებს

1 საათის წინ ფეხბურთი
3 წთ

ესპანეთის მსაჯთა ტექნიკურმა კომიტეტმა (CTA), რომელსაც ფრან სოტო ხელმძღვანელობს, ატლეტიკოსა და რეალს შორის გამართული მადრიდული დერბის (2:1) შემდეგ, მსაჯ - მიგელ ანხელ ორტის არიასის მუშაობა უარყოფითად შეაფასა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, არბიტრი დროებით ჩამოაცილეს მატჩების მსაჯობას (მინიმუმ 2 ტურით).

ორტის არიასისთვის ეს დერბი ისტორიული დანიშნულება იყო - ის გახდა პირველი მადრიდელი მსაჯი, რომელსაც საკუთარი ქალაქის გუნდების დაპირისპირების მსაჯობა დაავალეს, თუმცა მისი თამაში კოლაფსითა და უამრავი შეცდომით დასრულდა.

მსაჯთა კომიტეტისა და ექსპერტული ანალიტიკური პლატფორმების შეფასებით, არიასმა მატჩის კონტროლი სრულად დაკარგა.

  • მატჩის დებიუტშივე ატლეტიკოს ნახევარმცველმა ალექს ბაენამ არდა გიულერის წინააღმდეგ ორჯერ შეასრულა უხეში ვარდნა. მსაჯმა ბაენა ყვითელი ბარათის გარეშე დატოვა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, რამაც თამაშის აგრესიულ ფონს დასაბამი მისცა.

  • რომერომ ბელინგემს ბუცის შიპებით ძალიან უხეშად დააბიჯა. ორტის არიასმა თავდაპირველად შეცდომით ბელინგემი გააფრთხილა. VAR-ის მონიტორთან გადამოწმების შემდეგ მან ყვითელი ბარათი რომეროზე გადაიტანა, თუმცა წესების მიხედვით, აღნიშნული ეპიზოდი აშკარა პირდაპირ წითელ ბარათს იმსახურებდა, რაც მსაჯს გამორჩა.

  • სამხრეთკორეელმა ფეხბურთელმა პირდაპირი გაშლილი ფეხით ვალვერდეს კოჭში ჩაარტყა. მსაჯის თვალწინ მომხდარ ამ ეპიზოდში, სადაც ურუგვაელმა ფეხბურთელმა მძიმე დაზიანება აირიდა, არიასს ჯარიმაც კი არ დაუნიშნავს და კან ინ ლის ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენა.

  • რეალის მცველმა დინ ჰუისენმა საჯარიმოში ჯულიანო სიმეონე ხელით ქაჩვით წააქცია. ვინაიდან მცველს ბურთზე თამაშის შანსი არ ჰქონდა და აშკარა საგოლე მომენტი ჩაშალა, წესების მიხედვით პენალტთან ერთად პირდაპირი წითელი ბარათი უნდა ჩვენებოდა. მსაჯი თავდაპირველად მხოლოდ ყვითელი ბარათით შემოიფარგლა.

ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ 41 წლის საერთაშორისო გამოცდილების არმქონე მსაჯისთვის ასეთი დონის დერბი მეტისმეტად დიდი წნეხი აღმოჩნდა. ასევე, სამეფო კლუბმა მატჩის დასრულებისთანავე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მსაჯის უხეშმა შეცდომებმა თამაშის საბოლოო შედეგზე პირდაპირი გავლენა იქონია.

ფრან სოტო და მსაჯთა კომიტეტი მიიჩნევენ, რომ მსგავსი დონის მატჩში დისციპლინური კონტროლის ასეთი მოშლა მიუღებელია, რის გამოც არიასი უახლოეს ტურებში ლალიგის მატჩებს აღარ გაუძღვება.

სხვა სტატიები