Belive

"მადრიდელები კვარაცხელიას არ ივიწყებენ" - fichajes

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით აქტიურად ინტერესდება. გავლენიანი ესპანური სპორტული გამომცემლობა fichajes აღნიშნავს, რომ ქართველი ვარსკვლავი "სამეფო კლუბის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ხვიჩა კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის სენსაციად იქცა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად (22) კვარაცხელია "ნაპოლის" ლიდერად ჩამოყალიბდა, რომელიც ნეაპოლიტანურ კლუბს ფენომენალური პერფორმანსით სკუდეტოსათვის ბრძოლაში ეხმარება.

კვარაცხელიამ შეძლო და ევროპული ფეხბურთით ტიტანების ყურადღება დაიმსახურა - მათ შორისაა მადრიდის "რეალი", რომელიც მის გადაბირებას 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება. ესპანური მედია საშუალების მტკიცებით, "ბლანკოსი" კვარაცხელიას განვითარებას აქტიურად აკვირდება.



კვარაცხელიასადმი ინტერესი იმდენად დიდია, რომ "სამეფო კლუბი" მზადაა ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს, რათა ქართველი ვარსკვლავი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგდეს და ქარიმ ბენზემას შეტევაში შეუწყვილდეს.

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მის მსურველ კლუბს ტრანსფერში სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს. კვარაცხელიამ თავბრუდამხვევი პერფორმანსით, მისი სატრანსფერო ღირებულება მკვეთრად გაზარდა - ამ ყველაფერს აურელიო დე ლაურენტისის ამბიციებსაც თუ დავუმატებთ, "ბლანკოსს" ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ მსურველს ტრანსფერში ასტრონომიული თანხის გადახდა მოუწევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართველი ვარსკვლავი ახლოსაა იმ გარემოებასთან, რომ "პარტენოპეის" სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს.

შეგახსენებთ, იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,კრემონეზეს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მიმდინარე სეზონში, სერია A-ს ეგიდით გამართულ მატჩებში, კვარაცხელიამ ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა - "კვარადონას" ანგარიშზე 9 გატანილი გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები