ლუკმანისა და ატალანტას მთავარი მწვრთნელის დაპირისპირება - მომენტი, რომელიც ყველას გამოგვრჩა
ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის, ლიგის ფაზის შეხვედრაში, მარსელი ატალანტას დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა - ანგარიშში სხვაობა შეიძლება უფრო სოლიდურიც ყოფილიყო, თუმცა ჯერ დე კეტელაერმა ლუკმანის მიერ გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა და შემდეგ ამ უკანასკნელის გატანილი გოლი VAR-ის მეშვეობით გაუქმდა.
მართალია ატალანტამ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და მარსელიდან 3 ქულით წამოვიდა, მაგრამ 75-ე წუთზე მომხდარმა ინციდენტმა ფანების უკმაყოფილება გამოიწვია. ბერგამოელი გულშემატკივრების აზრი ორად გაიყო - ნაწილი მთავარ მწვრთნელს სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებს და მის დაბალ კვალიფიკაციაზე მიუთითებს, მეორე ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ადემოლა ლუკმანის დღეები კლუბში დათვლილია.
75-ე წუთზე ივან იურიჩმა ადემოლა ლუკმანი შეცვალა. მთავარი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებამ ატალანტას შემტევი და 2024 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გააღიზიანა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში მათი სიტყვიერი დაპირისპირება ჩანს, რა დროსაც იურიჩმა ლუკმანს მხარზე მოქაჩა და ხელი ჰკრა. სიტუაციის განმუხტვა ატალანტას სამწვრთნელო სტაფის წევრებმა სცადეს, რომელთაც ლუკმანი დაუყოვნებლივ გაიყვანეს მოედნიდან.
Clima sereno na Atalanta: Juric, conhecido por ser um brigão, discutiu forte com Lookman à beira do gramado. pic.twitter.com/w46tgDucYt
— Calciopédia (@calciopedia) November 5, 2025
ატალანტას ფანები მომხდარ უსიამოვნო ინციდენტს განსხვავებულად გამოეხმაურნენ - ნაწილი მთავარ მწვრთნელს ადანაშაულებს, მეორე ნაწილი კი თვლის რომ ლუკმანმა იანვარში კლუბი უნდა დატოვოს.
ჯერ პენალტის ეპიზოდი და შემდეგ უპატივცემულობა მწვრთნელისგან, რომელსაც კარიერაში არაფერი მოუგია - იურიჩის საუთჰემპტონი პრემიერ ლიგიდან დაქვეითდა, რომა კი გასულ წელს კინაღამ სერია A-დან გავარდა - ლუკმანი ამაზე დაბლა ფიზიკურად ვეღარ დაეცემა.
მოთამაშე, რომელმაც კლუბს ევროპული ტურნირი მარტომ მოაგებინა უკეთ მოპყრობას იმსახურებს.
პირველივე წუთიდან ლუკმანის სხეულის ენა მეტყველებდა, რომ მას კლუბის დატოვება სურს. თამაშს ვუყურე, ლუკმანს ატალანტაში დარჩენა არ უნდა.
ადემოლა ლუკმანს ატალანტას მაისურით ჩატარებულ 127 მატჩში, 53 გოლი აქვს გატანილი და 25 საგოლე გადაცემა შესრულებული. ცალკე აღნიშვნის ღირსია 2024 წელს, ევროპა ლიგის ფინალში ლევერკუზენის წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკი.
წარმატებული სეზონის შემდეგ, ლუკმანმა პრემიერ ლიგის გრანდების ყურადღება მიიპყრო და გასული წლის აგვისტოში, თითქოს ტრანსფერიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მოგვიანებით ფეხბურთელმა ატალანტა გარიგების ჩაშლაში დაადანაშაულა და დაპირისპირებაც მას შემდეგ მიმდინარეობს.