ლუის ენრიკე: "ბოლო მატჩებში იღბალი დაგვაკლდა. სიტისთან კი ის ჩვენ მხარეს იყო."
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, აღიარა, რომ მანჩესტერ სიტისთან, მეორე ტაიმში, მისმა გუნდმა რთული მომენტები გადაიტანა. პარიზელებმა პირველი ტაიმი სამი უპასუხო გოლით მოიგეს. შეხვედრის მეორე ნახევარში კი, მანჩესტერელები ბევრად უფრო გააქტიურდნენ.
ენრიკემ ფეხბურთელები პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშისთვის შეაქო, თუმცა არ დაუმალავს შეშფოთება იმის გამო, თუ როგორ შეიცვალა მატჩის მიმდინარეობა შესვენების შემდეგ. მწვრთნელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი უპირატესობისა, გამარჯვება გარანტირებული არ ყოფილა. ენრიკემ ისიც გაამხილა, რომ მატჩის მიმდინარეობისას, თავის თანაშემწეს, რაფელ პოლს ესაუბრა და აღნიშა, რომ ამჯერად, იღბალი პარიზელთა მხარეს იყო. მანამდე, საფრანგეთის ჩემპიონატში გამართულ შეხვედრებში, მის გუნდს იღბალი არ სწყალობდა.
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ასევე უარჰყო ის მოსაზრება, რომ მანჩესტერ სიტისთან გამარჯვებით, მისმა გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის დანარჩენ ფავორიტებსა და კონკურენტ გუნდებს, თითქოს რაიმე გზავნილი გაუგზავნა. ენრიკეს თქმით, მთავარი მიზანია, რომ გუნდი ტურნირის გადამწყვეტ ეტაპს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.
საოცრად სანახაობრივი მატჩი იყო. შეხვედრისგან იმას ველოდით, რაც საბოლოოდ მივიღეთ. როდესაც ერთმანეთს ორი ასეთი დონის გუნდი ხვდება, ორივე ცდილობს ბურთით თამაშს და შეუჩერებლად ახორციელებს პრესინგს. ბუნებრივია, ელოდები სანახაობრივ და განსაკუთრებულ შეხვედრას, რომელიც ძალიან მაღალი ტემპით წარიმართება. სწორედ ასე მოხდა. მეორე ტაიმის ერთ-ერთ მომენტში, ჩემს თანაშემწე, რაფაელ პოლს ვუთხარი, რომ დღეს ის იღბალი გვერგო, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის საწყის ტურებში გვაკლდა, როდესაც მეტოქეს ყოველი დარტყმის დროს, გოლი გაჰქონდა.
რაც შეეხება რაიმე ტიპის გზავნილს, საერთოდ არ ვიცი რაზეა საუბარი. ერთადერთი რაც მნიშვნელოვანია, არის ის გუნდი, რომელიც სეზონის ბოლოს ევროპის თასს მოიგებს. არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ტურნირის ამ ეტაპზე საუკეთესო გუნდი ხარ თუ არა. მთავარია, რომ მარტს საუკეთესო მდგომარეობაში შევხვდეთ. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. - ლუის ენრიკე
🚨🗣️ Luis Enrique “ we got very lucky against Manchester city, it was a very tough game” pic.twitter.com/9n6yZzZB9g
— Kalshi Footy (@KalshiFooty) October 14, 2026