Belive

რეალი ექვს ინგლისურ კლუბს სუპერლიგის ხარჯების გადახდას სთხოვს

2 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ოთხწლიანი დუმილის შემდეგ, მადრიდის რეალმა ძველი ანგარიშების გახსნა და ვალების გასტუმრება გადაწყვიტა. ევროპის სუპერლიგის იდეის დასაცავად მარტო დარჩენილი ესპანური გრანდი ახლა პრემიერ ლიგის ექვსი კლუბისგან წარუმატებელი პროექტის ხარჯებში საკუთარი წილის დაფარვას მოითხოვს. აღნიშნული თანხა, სავარაუდოდ, 80 მილიონი ევროა.

როგორც ბრიტანული გამოცემა "The Athletic" იუწყება, მადრიდის რეალს მიაჩნია, რომ არსენალი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი ევროპის სუპერლიგის შექმნის საწყის ხარჯებზე კვლავ პასუხისმგებლები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ექვსივე კლუბმა პროექტი 2021 წლის აპრილში, მისი დაანონსებიდან მალევე დატოვა. ინგლისურ კლუბებს კი, მოგვიანებით ატლეტიკო, ბარსელონა, მილანი, ინტერი და იუვენტუსიც შეუერთდნენ, რის შემდეგაც, რეალი მარტო დარჩა.

მადრიდული კლუბი ერთ მნიშვნელოვან იურიდიულ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. ესპანეთში დაფუძნებული ჰოლდინგური კომპანიის, "The European Super League Company"-ის აქციონერთა შეთანხმებას, ყველა კლუბმა მოაწერა ხელი, რის შემდეგაც, ისინი ვალდებულნი იყვნენ, პროექტი ერთობლივად ემართათ.

პერესმა ამის შესახებ, ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში ისაუბრა და საზოგადოება პროექტიდან კლუბების მასობრივი დატოვების შესახებ გააფრთხილა. "აქ არ ვაპირებ დროის დაკარგვას იმის ახსნით, თუ რას ნიშნავს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ კლუბებს პროექტიდან გასვლა არ შეუძლიათ." - განაცხადა მან.

"The Athletic"-ის ანალიზის თანახმად, სუპერლიგასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხი ხუთი წლის განმავლობაში, მხოლოდ თეორიულად განიხილებოდა. ახლა კი, გადასახდელი თანხა რეალურ პრობლემად იქცა. რეალი მიიჩნევს, რომ ხარჯები 12 დამფუძნებელ კლუბზე თანაბრად უნდა განაწილდეს. თუ რეალი მოთხოვნებზე უარს არ იტყვის, დავის გადაწყვეტის ერთადერთი გზა სასამართლო იქნება. ეს კი ევროპის უმსხვილეს კლუბებს შორის, ხანგრძლივ სამართლებრივ დავას გამოიწვევს.

სხვა სტატიები