ლუჩიანო სპალეტი: "უკანასკნელი სამურაი ვარ - მხოლოდ მე მჯერა, რომ სკუდეტო ჯერ არ მოგვიგია"
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ იტალიის სერია A-ს 29-ე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც მისი გუნდი "ლეჩეს" დაუპირისპირდება, პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.
"თქვენ მოგვაწერეთ შეუცდომლების სტატუსი, ჩვენ ყოველთვის თავმდაბლები ვიყავით, რადგან ვიცით, რომ სხვა გუნდების მსგავსად გვაქვს ნაკლოვანებები.
ვიცით, რომ ამ მატჩზე "მილანი" წაგების შიშით მოვიდა, ჩვენ კი ალბათ უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ვფიქრობდით და მოტივაციაში პრობლემა ამან განაპირობა.
მას შემდეგ, რაც უკვე მომხდარზე მშვიდად საუბარი შეგვიძლია, ვიტყვით, რომ სკუდეტოს ნეაპოლში ჩამოსატანად ყველა მატჩში წინ დიდი ბრძოლა გველოდება. დასრულებული არაფერია და ამ წუთიდან ბოლო წერტილამდე ბრძოლა გველის. ყოველთვის მოგებას ვერ შეძლებ, მარცხზეც უნდა ისაუბრო, შემდეგ კი ივარჯიშო.
"ლეჩესთან" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. წაგების შემდეგ, მოედანზე გასვლისას ყველა ფიქრი გუნდის საკეთილდღეოდ უნდა იყოს მიმართული.
გუნდმა კარგად იცის მეტოქის ძალები და სირთულეები, რომელიც ამ მატჩში გველის. "ლეჩემ" ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა წააგო, მაგრამ მათ დიდი გუნდების დამარცხებაც შეძლეს და თავიანთი საფეხბურთო სტილი გამოავლინეს: პრესინგი, ბურთის დროულად დაბრუნების მცდელობა, ფეხბურთის სიყვარული და უსაზღვრო ვნება.
რაც შეეხება ოსიმენს, "ლეჩესთან" მისი თამაშის შანსი არ არსებობს - დაველოდოთ შემდეგ კვირას.
უკანასკნელ სამურაიდ დავრჩი, რადგან მე ყველასგან განსხვავებით არ ვფიქრობ, რომ ჩემპიონები ვართ. საქმე ჯერ დასასრულებელია და ამის შესახებ ჯოვანი დი ლორენცოს ვესაუბრე. მეორე დღეს კაპიტანმა რამდენიმე წინადადება დაწერა: რომ ჯერ კიდევ 5 გამარჯვება გვჭირდება და ამისთვის შრომა უნდა გავაგრძელოთ", - თქვა 64 წლის სპეციალისტმა.
“ლეჩეს” წინააღმდეგ შეხვედრას 22 წლის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სერია A-ს ეგიდით, სტუმრად, 7 აპრილს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ “ნაპოლის” პირველი მატჩი “მილანის” წინააღმდეგ 12 აპრილს, სტუმრად, ელის.