Belive

ლუჩიანო სპალეტი: "თამაშზე კონტროლი ვერ ავიღეთ - ეს დიდი იმედგაცრუებაა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიის თასის 1/8-ფინალში "ნაპოლისა" და "კრემონეზეს" დაპირისპირებაში, ძირითადი და დამატებითი ტაიმების ფრედ დასრულების (2:2) შემდეგ, გადამწყვეტი პენალტების სერია აღმოჩნდა, სადაც კრემონელებმა - 5:4 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

გამარჯვებული გუნდის განაცხადში ლუკა ლოჩოშვილი ტრავმის გამო არ ყოფილა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მასპინძლებს გაციების გამო ვერ დაეხმარა.

მატჩის შემდეგ, ნეაპოლური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს შეხვედრა დიდი იმედგაცრუება იყო.

"ვწუხვართ, ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. ჩენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ბურთის ფლობასა და თამაშის მართვის სადავეები ხელში ავიღოთ, დღეს კი ისეთი კარგები არ ვყოფილვართ, როგორც ჩვეულებრივ ვართ ხოლმე.

მთლიანობაში დაცვაში ურიგოდ არ გამოვიყურებოდით, რადგან გარდა მათი თავდამსხმელისთვის რამდენჯერმე ბურთის მიღებისა, მეტოქემ ბევრი მომენტის შექმნა ვერ მოახერხა. ჩვენ გოლები იმ ეპიზოდებში გავუშვით, როცა ბურთი დავკარგეთ.

ორი გოლის გატანა და ბევრი მომენტის შექმნა მაინც შევძელით, თუმცა დავმარცხდით ად ეს ასე ხდება მაშინ, როდესაც მატჩს რომელიც შენი კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ", - თქვა 63 წლის სპეციალისტმა. 

"ნაპოლი" გამოსვლას სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე გააგრძელებს. იტალიის ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერი შემდეგ შეხვედრას "სალერნიტანას" წინააღმდეგ, სტუმრად, 21 იანვარს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც 2022/23 წლების სეზონში, “ნაპოლის” მაისურით 20 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული, იგი მოედანს სავარაუდოდ, შემდეგ, მე-19 ტურშივე დაუბრუნდება.

სხვა სტატიები