ლუჩიანო სპალეტი: "10 ფეხბურთელითაც კი კარგად გამოვიყურებოდით, ნეაპოლში ოსიმენი აუცილებლად ითამაშებს"
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ, რომელშიც ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "მილანთან" - 0:1 დამარცხდა, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.
"მეტს ვიმსახურებდით? არაფერი მაქვს სათქმელი, მატჩების შემდეგ კომენტარის გაკეთება დროის კარგვაა, რადგან უკან ვეღარ დავბრუნდებით. მინდა ფეხბურთელებს მივულოცო, რადგან ისინი მაშინაც კი კარგად თამაშობდნენ, როცა რიცხვობრივ უმცირესობაში ვიყავით. ასევე, მინდა მაიკ მენიოს კარგი თამაში მივულოცო.
"მილანი" შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ 10 ფეხბურთელითაც კი კარგად გამოვიყურებოდით. ჩვენ ვითამაშეთ თამაში, რომელიც უნდა გვეთამაშა. ყოჩაღ ბიჭებო.
ნებისმიერი ფეხბურთელის დანაკლისი სეზონის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ გამოვნახავთ ვინმეს, ვინც ამ დანაკლისის შევსებას მოახერხებს. ყოველთვის ასე იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე მოსვლას ვერ შევძლებდით. რა თქმა უნდა, ვენდობით ბიჭებს, მაგრამ განვიცდით, რომ არ გვეყოლება ანგისა, რაც დიდი უსამართლობაა. მისი შეცვლა უკვე დაგეგმილი გვქონდა და ვარჩევდით, თუ ვინ უნდა შესულიყო მოედანზე. სამწუხაროა, რომ დავკარგეთ ორი წუთი იმის გადასაწყვეტად, თუ ვინ უნდა ჩართულიყო მის ნაცვლად თამაშში, მსაჯის გადაწყვეტილებებზე კი კომენტარს აღარ გავაკეთებ. იქ იყო როზეტი (ვეტერანი იტალიელი მსაჯი) და კომენტარისთვის მას მიმართეთ.
მეორე მხრივ, თუ დისციპლინაზე ვსაუბრობთ, მაშინ ამიხსენით ლეაოს მიერ გატეხილი დროშა, წადით და უთხარით ბავშვებს: "შეგიძლიათ დაამტვრიოთ დროშები, რადგან არაფერი გაგიკეთებიათ, დაარტყით ყველაფერს რასაც მოედნის გარშემო ხედავთ.
"მილანთან" საპასუხო მატჩში ვიქტორ ოსიმენი 100%-ით ითამაშებს. გადავწყვიტეთ, რომ არც ამ მატჩში და არც შაბათს მას არ ეთამაშა, რათა დასვენებული ყოფილიყო და "მილანისთვის" მზად ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენი განზრახვაა, მერე არ ვიცი, შეიძლება რაღაც არაპროგნოზირებადი მოხდეს და მატჩში მან არ ითამაშოს, თუმცა განზრახვა არის ის, რომ ვიქტორი ჩვენთან იყოს.
ახლა ჩვენ ისტორიულ მომენტში შევდივართ... ხანდახან მგრძნობიარენი ვართ სიტუაციების მიმართ, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვქმნით. მე ვფიქრობ იმ კლიმატზე, რომელიც სუფევდა "მარადონაზე" "მილანთან" პირველ მატჩში. ეს ისეთი რაღაცაა, რომლისაც ჯერ კიდევ არ მჯერა: ჩვენ ვერ ვგრძნობდით ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერას, მხოლოდ "მილანის" ქომაგების შეძახილები გვესმოდა", - თქვა 64 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს, ნეაპოლში შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.