ლივერპულის ლაზარეთს გრავენბერხი და ენდო შეუერთდნენ
ინგლისის ლიგის თასის ფინალში, "ჩელსისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება შედგა. გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე "ლივერპულმა" 118-ე წუთზე, ვირჯილ ვან დაიკის გოლით გაიმარჯვა (0:1) და ტიტულს დაეუფლა.
მერსისაიდულ გრანდს გამარჯვება ძვირად დაუჯდა - რაიან გრავენბერხი და ვატარუ ენდო, "ლივერპულის" ლაზარეთს შეუერთდნენ და ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის შეძლებენ მოედანზე დაბრუნებას.
ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ტრავმა 27-ე წუთზე მიიღო და დამოუკიდებლად მოედნის დატოვება ვერ შეძლო. გრავენბერხი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და მიუხედავად იმისა, რომ ფეხის მოტეხილობას გადაურჩა, დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას საჭიროებს. რაც შეეხება ვატარუ ენდოს - მან სრულად ითამაშა და მატჩში ერთ-ერთი საუკეთესოც იყო, თუმცა სტადიონი ფეხის ფიქსატორით დატოვა.
გახშირებული ტრავმიანობის გამო, "ჩელსისთან" გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში, "ლივერპულის" ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცათ თავის გამოჩენის შანსი. ამ დროისთვის ტრავმირებულთა შორის მო სალაჰი, დარვინ ნუნიესი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, დომინიკ სობოშლაი, დიოგო ჟოტა, კურტის ჯონსი, ჯოელ მატიპი, ტიაგო ალკანტარა, ალისონი, რაიან გრავენბერხი და ვატარუ ენდო არიან.