ლივერპული სალაჰის შემცვლელად ბარკოლას განიხილავს
ლივერპული პსჟ-ის ვარსკვლავის, ბრედლი ბარკოლას გადაბირებას განიხილავს, რადგან ისინი მოჰამედ სალაჰის შემცვლელებს ეძებენ. ლიდსთან ფრედ დასრულებული (3:3) მატჩის შემდეგ, სალაჰმა მკაცრად გააკრიტიკა „წითლების“ მწვრთნელი არნე სლოტი, ეგვიპტელი ზედიზედ მესამე თამაშში იყო სათადარიგოთა სკამზე. ვარაუდობენ, რომ სალაჰი მომავალ თვეში „ენფილდს“ დატოვებს - მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ შესაძლოა მომავალი თამაში ბოლო იყოს ლივერპულის რიგებში.
ამჟამად, პსჟ რამდენიმე ვარსკვლავისთვის კონტრაქტების გახანგრძლივების პროცესშია, ფრანგი ვინგერი კი მათ შორისაა, ვისაც ახალი კონტრაქტი შესთავაზეს. ბარკოლას ჯერ არაფერი გადაუწყვიტავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი მნიშვნელოვნად გაეზრდება.
ბარკოლა ბოლომდე კმაყოფილი არ არის „პარკ დე პრენსზე“ თავისი მდგომარეობით, რადგან როდესაც ყველა მოთამაშე მზადაა, ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას, უსმან დემბელესა და დეზირე დუეს ტრიოთი თამაშობს. ბარკოლამ ამ სეზონში, ლიგა 1-ის 15 თამაშიდან ცხრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ხუთი გოლი გაიტანა, თუმცა ეს უფრო იმის დამსახურებაა, რომ დემბელე და დუე ტრავმების გამო ვერ თამაშობენ.