Belive

ლივერპული მომდევნო სეზონს ახალ მწვრთნელთან ერთად დაიწყებს

2 დღის წინ ფეხბურთი
3 წთ

მერსისაიდულ კლუბს, მომდევნო სეზონში, ანდონი ირაოლა უხელმძღვანელებს. ესპანელმა სპეციალისტმა, რომელმაც არნე სლოტი შეცვალა, უკვე აქტიურად დაიწყო მუშაობა გუნდის გაძლიერებაზე და კონკრეტული მოთამაშეების დამატებითაც დაინტერესდა.

ლივერპული, სეზონის ბოლოს, მო სალაჰმა, ენდი რობერტსონმა და იბრაჰიმა კონატემ დატოვეს. ამ დანაკლისის ფონზე კი, 43 წლის სპეციალისტს, საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი სატრანსფერო პოლიტიკის გავლა მოუწევს. მაგრამ, ეს ეტაპი, შეგვიძლია, კარგ შესაძლებლობადაც მივიჩნიოთ იმ მწვრთნელისთვის, რომელსაც გუნდის საკუთარი სათამაშო ფილოსოფიის შესაბამისად განვითარება სურს და ზუსტად ისეთი ფეხბურთელების შეძენას გეგმავს, რომლებიც მის ხედვებს მოერგებიან.

ერთ-ერთი ასეთი მათგანი, ბორნმუთის ნახევარმცველი, ალექს სკოტია, რომელთანაც ირაოლას ორწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. სკოტი, ლივერპულში, ალექსის მაკალისტერის შესაძლო შემცვლელად განიხილება. მართალია, მაკალისტერი გუნდიდან წასვლას არ აპირებს, მაგრამ ბორნმუთელთა ახალგაზრდა მოთამაშის დასახელება მერსისაიდელთა ათიანის პოტენციურ შემცვლელად, არგენტინელი ნახევარმცველის სათამაშო ფორმითაა განპირობებული.

ლივერპული, დიდი ალბათობით, ალექს სკოტის საკითხს, უახლოეს დღეებში დააყენებს. 22 წლის ფეხბურთელს ბორნმუთთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი სატრანსფერო ღირებულება, ამ ეტაპზე, 60 მილიონი ევროა. მიუხედავად იმისა, რომ ბორნმუთი მის გაყიდვას არ აპირებს, ლივერპული ამ ტრანსფერზე მუშაობას მაინც აგრძელებს. ლივერპულის გარდა, ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატებას მანჩესტერ იუნაიტედიც განიხილავს.

საინტერესოა დარვინ ნუნიესის სიტუაციაც, რომელიც გასულ წელს, მერსისაიდელთა რიგებიდან ალ ჰილალში გადავიდა. მას შემდეგ კი, რაც გუნდმა კარიმ ბენზემა დაიმატა, ურუგვაელი ფორვარდი ძირითადი თერთმეტეულის მიღმა დარჩა, რის გამოც კლუბის დატოვება გადაწყვიტა. მის მომავალს ნიუკასლს, ლონდონის ჩელსისა და მადრიდის ატლეტიკოს უკავშირებენ, მაგრამ თავად ნუნიესს ლივერპულში დაბრუნება სურს.

ირაოლას, ამ საკითხზე, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია. მერსისაიდელებს შეტევაში პრობლემები აქვთ. გარდა იმისა, რომ გუნდიდან სალაჰი წავიდა, გარკვეული დროის განმავლობაში, ვერ ითამაშებს ტრამვირებული უგო ეკიდიკე. ეჭვები არსებობს ალექსანდერ ისაკის ფიზიკურ მზადყოფნასთან დაკავშირებითაც. ამ მიზეზების გათვალისწინებით კი, ნუნიესის "ენფილდზე" დაბრუნება საკმაოდ ლოგიკურად მოჩანს.

მერსისაიდელთა ეს სეზონი შესაძლოა, ჩავარდნადაც შეფასდეს. მე-5 ადგილი პრემიერ ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალიდან გამოვარდნა და 2025-26 წლების სეზონის უტიტულოდ დასრულება. ასე გამოიყურება ლივერპული სეზონის ბოლოს, მაგრამ ანდონი ირაოლა იმედოვნებს, რომ მომდევნო სეზონიდან, ამ სურათის შეცვლასა და ახალ გუნდთან ერთად, ტიტულების მოგებას შეძლებს.