ლევანდოვსკიზე წინ მხოლოდ გერდ მიულერია
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
ბუნდესლიგაში 268 გოლის გასატანად რობერტ ლევანდოვკის 345 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა. ბაიერნის ცხრიანი გატანილი გოლების რაოდენობით კლაუს ფიშერს გაუთანაბრდა და მხოლოდ გერდ მიულერს ჩამორჩება. თუმცა აღსანიშნავია, რომ კლაუს ფიშერმა ბუნდესლიგაში 268 გოლი 535 შეხვედრაში გაიტანა. შესაბამისად მას ლევანდოვსკიზე 190 მატჩით მეტის ჩატარება დასჭირდა. ლევანდოვსკიმ 73 გოლი "დორტმუნდის" შემადგენლობაში თამაშისას გაიტანა, ხოლო 195 ბურთი "ბაიერნის" მაისურით 215 შეხვედრაში შეაგდო. ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში ლევანდოვსკიზე წინ ახლა მხოლოდ ლეგენდარული გერდ მიულერია, რომელმაც "ბაიერნის" მაისურით 427 შეხვედრაში 365 გოლის გატანა შეძლო. გამოდის პოლონელს "დერ ბომბერამდე" 97 გოლი აკლია. საინტერესოა, თუ შეძლებს ლევანდოვსკი მიულერის შედეგის გაუმჯობესებას და ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლის წოდების მოპოვებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლონელმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა:
" ვამაყობ, რომ ბუნდესლიგაში 268 გოლის გატანა შევძელი, მსგავსად ლეგენდარული კლაუს ფიშერისა. ჩემი სურვილია, რომ ჩემს მიერ გატანილი გოლები "ბაიერნთან" ერთად ახალი ტიტულების მოგებაში დაგვეხმაროს".