Belive

ყველაფერი, რაც ევროპის სუპერ ლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ

3 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
ევროპის წამყვანმა 12-მა კლუბმა ახალი საფეხბურთო ტურნირი, ევროპის სუპერ ლიგა დაანონსა და საფეხბურთო სამყაროში დიდი ვნებათაღელავა გამოიწვია. ჩვენ, ფეხბურთის გულშემატკივრები, შეჩვეულები ვიყავით, რომ ყოველწლიურად მისი უდიდებულესობა - ჩემპიონთა ლიგა იმართებოდა, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს ველოდებოდით, 2 წლის შემდეგ კი - ევროპის ჩემპიონატი იმართებოდა.  თითქოს, ყველა კმაყოფილი იყო, თუმცა 18 აპრილს, ყველაფერი შეიცვალა. მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი, ლივერპული, ტოტენჰემი, არსენალი, ინტერი, მილანი, იუვენტუსი, ატლეტიკო, მადრიდის რეალი და ბარსელონა - ამ გუნდების ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ საჭიროა ახალი საფეხბურთო ტურნირის, ევროპის სუპერ ლიგის დაორგანიზება, რომელიც მათ გაცილებით მეტ ფინანსურ სარგებელს მოუტანს. მეტიც, მათ უკვე მოაწერეს ხელი 23-წლიან ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ევროპის სუპერ ლიგა მინიმუმ 2044 წლამდე მაინც, ყოვეწლიურად გაიმართება. კლუბების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ცვლილება ევროპულ ფეხბურთს სასიკეთოდ წაადგება, უეფა-ს პრეზიდენტმა კი მათ საჯაროდ "გველები" უწოდა.

დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან "რეალს," "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" მოხსნიან. ამასთან დაკავშირებით განცხადება უეფა-ს აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა გააკეთა. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული ფეხბურთის მაკონტროლებელ ორგანოში პარასკევს მიიღებენ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს - ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, სრული დუმილია, ჩვენ კი მხოლოდ იმისი ვარაუდი შეგვიძლია, რომ გამარჯვებულად პირდაპირ "პარი სენ-ჟერმენი" დასახელდება. გერმანული Bild-ის თანახმად, ასევე არსებობს მეორე ვარიანტი: რეალის, სიტისა და ჩელსის ნაცვლად, ჩემპიონთა ლიგას ბაიერნი, პორტო და დორტმუნდი დაუბრუნდებიან და ტურნირი კვლავ გაგრძელდება. ერთი სიტყვით, ფეხბურთში სრული ქაოსია. ფიფა-ს კატეგორიული პოზიციის მიხედვით, სუპერ ლიგაში მონაწილე ფეხბურთელები სანაკრებო ტურნირებზე არ დაიშვებიან: "ჩვენი მოქმედება სოლიდარობაზე, ინკლუზიურობაზე, ინტეგრიციასა და ფინანსების თანაბარ გადანაწილებაზე უნდა იყოს დამყარებული. შესაბამისად, ფიფა მხარს არ უჭერს “დახურულ ევროპულ” ლიგას, რომელიც საერთაშორისო საფეხბურთო სტრუქტურებთან არ თანამშრომლობს და ზემოთაღნიშნულ პრინციპებს არ იზიარებს", - აღნიშნულია ფიფა-ს განცხადებაში. მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად, მათ უდიდესი ფინანსური ზარალი მიიღეს, რაც საფეხბურთო სისტემის ჩამოშლის წინაპირობაა. "სუპერ ლიგის დამფუძნებელმა 12-მა გუნდმა €5 მილიარდი დაკარგა, რეალის ზარალი კი €400 მილიონს შეადგენს. სტადიონზე გულშემატკივარი ვეღარ დადის და ჩვენი შემოსავალს მხოლოდ სატელევიზიო უფლებების გაყიდვით ვიღებთ. ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: უნდა შევქმნათ სანახაობრივი ტურნირი, სადაც მხოლოდ გრანდები ითამაშებენ", - განაცხადა ესპანელმა.
Cheferin

ამ თემასთან დაკავშირებით, უმწვავესი განცხადება გააკეთა უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა: “24 წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის მიმართულებით ადვოკატად ვმუშაობდი, თუმცა ასეთ ადამიანებს არასოდეს შევხვედრივარ”, – ჩეფერინი “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელზე, ედ ვუდვორდზე და “იუვენტუსის” ხელმძღვანელზე, ანდრეა ანელიზე მიუთითებდა. არ ვიცოდი, რომ ჩემს ახლოს გველები მუშაობდნენ, თუმცა ახლა ყველაფერი ნათელი გახდა. საფეხბურთო სამყაროში ბევრი მატყუარას შევხვდი, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ვენდობი: ასეთები არიან ფრანგული და გერმანული კლუბების წარმომადგენლები, რომლებიც სწორ პოზიციაზე დგანან. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთი მთლიანად კორუფციაში არაა ჩაძირული, თუმცა ნამდვილად არსებობს მცირე ჯგუფი, რომელსაც ხარბი ადამიანები ხელმძღვანელობენ – ადამიანები, რომლებსაც ფეხბურთის მომავალი არ ადარდებთ”, – განაცხადა ჩეფერინმა.
აღსანიშნავია, რომ სუპერ ლიგაში მონაწილეობაზე უარი შემდეგმა გუნდებმა განაცხადეს: მიუნხენის ბაიერნი, დორტმუნდის ბორუსია, პარი სენ-ჟერმენი, პორტო, სევილია და ლაიფციგი. წარმოიდგინეთ ასეთი სცენარი: სუპერ ლიგის იდეა გუნდებმა საბოლოოდ გაიტანეს და ჩემპიონთა ლიგა რეალის, ლივერპულის, იუვენტუსისა და სხვა დიდი კლუბების გარეშე დარჩა. შედეგად, მომდევნო სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგი გუნდები ითამაშებენ:
  • ინგლისი: ლესტერი, ვესტ ჰემი, ევერტონი, ლიდსი;
  • იტალია: ატალანტა, ნაპოლი, ლაციო, რომა;
  • ესპანეთი: სევილია, ვილიარეალი, ბეტისი, სოსიედადი.
თავის მხრივ, სუპერ ლიგის შექმნის მხარდამჭერი გუნდების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უეფა-ს მიერ შემუშავებული ეკონომიკური მოდელი ნაკლებ სარგებელს იძლევა და რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, მათი გადაწყვეტილება რაციონალურად სწორია. ეს უკვე საკამათო საკითხია და მედლის მეორე მხარედ შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა როგორც ერიკ კანტონამ თქვა, სამწუხარო და სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ სუპერ ლიგის დამაარსებელმა კლუბებმა გულშემატკივარს აზრი არც კი ჰკითხა.

როგორია სუპერ ლიგის ფორმატი?

ტურნირის დამაარსებელ 15 კლუბს ყოველწლიურად 5 ევროპული გუნდი შეუერთდება, რომელიც ტურნირზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლის. პირველი თამაშები აგვისტოში, ფინალი კი მაისის ბოლოს, ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება. გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდებიან და ერთმანეთს საშინაო და გასვლით მატჩში დაუპირისპირდებიან. მეოთხედფინალურ ეტაპზე, ორივე ჯგუფიდან, საუკეთესო 3 გუნდი (ჯამში 6) გადაინაცვლებს. დარჩენილი ორი ადგილისთვის, ჯგუფში მეოთხე და მეხუთე ადგილოსნები პლეი-ოფის სისტემით იბრძოლებენ. ტურნირის ორგანიზატორების თანახმად, უახლოეს მომავალში ქალებისთვის განკუთვნილი ტურნირის შექმნაც დაანონსდება.

სხვა სტატიები