Belive

ლევან კუტალია: "ისრაელისგან მეორე ნომრად თამაშს ველოდები, რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ საქართველოს იმედი მაქვს"

9 თვის წინ ფეხბურთი
5 წთ

უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალურ ეტაპზე ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მას შემდეგ რაც, რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის მომავალი მეტოქე ცნობილი გახდა, Belive-ი გამოცდილ ქართველ თავდამსხმელს, ლევან კუტალიას დაუკავშირდა, რომელიც 3 წელიწადია ისრაელის ჩემპიონატში თამაშობს და მოახლოებული მატჩისა და მიმდინარე ტურნირზე ჩვენი გუნდის გამოსვლის შესახებ მისი მოსაზრება მოისმინა.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნაკრები ჩემი აზრით ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა. მეტოქეებად ევროპის გამორჩეულად კარგი ახალგაზრდული ნაკრებები, ვიცე-ჩემპიონი პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებები შეგვხვდნენ. ასეთ შედეგს ალბათ არავინ ელოდა.

ჩვენი მეტოქეები ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ ეს ფავორიტის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე ეწერა, ჩვენმა გუნდმა კი მოედანზე საპირისპირო დაამტკიცა. ამ ამბავში განსაკუთრებული როლი ჩემი აზრით ქართული ფეხბურთის ერთგულ ქომაგს მიუძღვის, რომელმაც დასწრების რეკორდი ჯერ დაამყარა, შემდეგ კი თავად გააუმჯობესა და გუნდს უდიდესი მოტივაცია მისცა.

რაც შეეხება უშუალოდ გუნდს, ვფიქრობ, ძალიან დიდია მთავარი მწვრთნელის როლი, რომელიც კარგად მუშაობს. გუნდს რამაზ სვანაძის ხელი ეტყობა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები გამართული და ორგანიზებული გუნდია.

მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ნიჭიერი თაობის დეფიციტი არასდროს ჰქონდა, თუმცა ეს თაობა ნიჭიერთან ერთად პროფესიონალური ცხოვრების წესით მცხოვრებია. გუნდი ისეთი ფეხბურთელებით კომპლექტდება, რომლებიც სწორი, პროფესიონალური თვისებების მქონე, ქვეყნის სიყვარულით გამორჩეული მოთამაშეები არიან და რომლებიც საკუთარ უნარ-ჩვევებს მუდმივად ანვითარებენ. ჩემს თაობაშიც იყო ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი და საქართველოს ასეთები ყველა თაობაში ჰყავდა, თუმცა ეს თაობა წარსულის შეცდომებს არ იმეორებს და სწორედ ამიტომაც აღწევს წარმატებას. ამავე დროს, ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილის და იმ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმატებამ, რომლებმაც ევროპაში ფეხის მოკიდება მოახერხეს, გზა და ევროპისკენ მიმავალი ფანჯარა სხვა ფეხბურთელებსაც გაუხსნეს, მათ კი თავის მხრივ ეს ყველაფერი მოტივაციისთვის გამოიყენეს. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს ჩემპიონატიდანაც შესაძლებელია ევროპის წამყვანი ჩემპიონატის კლუბებში მოხვედრა.

No description available.

რაც შეეხება მეტოქეს, საკმაოდ კარგად ვიცნობ ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გაი ლიუზონს, როცა მე "ჰაპოელ თელ-ავივში" ვთამაშობდი, ის "ჰაპოელ ფეთაქ-თიქვას" ხელმძღვანელობდა. კომპაქტური თამაშის მოყვარულია, კარგი დაცვის და კონტრშეტევების. გუნდებს მჭიდრო ფეხბურთს ათამაშებს და ვფიქრობ, რომ საქართველოსთანაც ჩაკეტილ ფეხბურთს აჩვენებს, ე.წ. მეორე ნომრად ითამაშებს და თავისი შანსების მიღებას კონტრშეტევების დროს შეეცდება.

უშუალოდ შემადგენლობა ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და მათი ლიდერი, ოსკარ გლოხია ("ზალცბურგის" 19 წლის ფეხბურთელი), მის წინააღმდეგ მოედანზე მითამაშია და ის ისრაელური ფეხბურთის ერთ-ერთი მომავალი გახლავთ.

No description available.

ჩვენი ნაკრები ამ მატჩში ფავორიტად მიიჩნევა და ეს ისრაელის ნაკრების მწვრთნელმაც აღნიშნა, მაგრამ თავად საქართველომ დაამტკიცა, რომ ფავორიტის სტატუსი მხოლოდ ფორმალურია, შესაბამისად საკმაოდ რთულ მატჩს ველოდები. მიუხედავად იმისა, რომ დაძაბული და მძიმე მატჩის მოლოდინი მაქვს, მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს ტოპ ნაკრებების დამარცხებაც შეუძლია, შესაბამისად, ისრაელთანაც იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები გულშემატკივრის გახარებას მოახერხებენ", - თქვა 33 წლის თავდამსხმელმა ჩვენთან საუბრისას.

ლევან კუტალია, რომელიც საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ("დინამო თბილისის" შემადგენლობაში), ისრაელის ჩემპიონატში 2020 წლის ზაფხულში გადაბარგდა და მას შემდეგ სამი სხვადასხვა გუნდის, თელ-ავივის "ჰაპოელის", "უმ-ალ ფამის" და "ნეს ციონას" შემადგენლობაში ითამაშა, რომელთან ერთადაც რანგით ყველაზე მაღალ დივიზიონში აღზევება მოახერხა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მისი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს იწურება - თავად ფეხბურთელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამჟამად შვებულებაშია და სხვადასხვა ვარიანტს შორის საუკეთესოს ასარჩევად ემზადება.

სხვა სტატიები