ლე გრე ზინედინ ზიდანს ბოდიშს უხდის
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მისი სიტყვების შემდეგ, ზინედინ ზიდანს ბოდიშს უხდის. 81 წლის ლე გრემ ზიზუს მიმართ არასასიამოვნო განცხადება გაავრცელა.
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ, ზიდანი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუკავშირეს და დეშამის შემცვლელად დაასახელეს, თუმცა მან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. მოგვიანებით კიდევ უფრო სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა და ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებს დაუკავშირეს.
ზინედინ ზიდანის შესახებ დასმულ კითხვას, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ასეთი პასუხი გასცა:
“არ მადარდებს. მას შეუძლია წავიდეს სადაც სურს – კლუბსა თუ ეროვნულ ნაკრებში. ზიდანს უამრავი მიმდევარი ჰყავს და ის ყოველთვის რადარზეა. ზოგიერთი მათგანი დეშამის წასვლას ელის, რათა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზიდანი იხილოს – ვერ ვხვდები, რატომ უნდა წავიდეს დეშამი?
ზიდანს არასდროს შევხვედრივარ, ჩვენ არ გვისაუბრია. დეშამთან დამშვიდობების მიზეზს ვერ ვხედავ. ზოგიერთი ჟურნალისტი უნდა შეიცვალოს, რადგან არ იციან რა დაწერონ და მხოლოდ ნეგატივზე არიან კონცენტრირებული.
შეეცადა ზიდანი ჩემთან დაკავშირებას? არა და რომც დაერეკა ტელეფონს არ ვუპასუხებდი. რისთვის მეპასუხა – რომ მეთქვა, რომ სხვა კლუბი ან ნაკრები მოეძებნა?”
ამ სიტყვების შემდეგ, ნოელი აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა და საკუთარი სიტყვების გამო ბოდიშს იხდის.
"მინდა ბოდიში მოვუხადო ამ სიტყვებისთვის, რომლებიც აბსოლუტურად არ ასახავს ჩემს წარმოდგენას იმ ფეხბურთელის და მწვრთნელის მიმართ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. ვაღიარებ, რომ უხერხული განცხადება გავაკეთე, რამაც გაუგებრობა გამოიწვია. ზინედინ ზიდანმა იცის რაოდენ დიდი პატივისცემა გამაჩნია მის მიმართ."
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ამ განცხადებამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა. მათ შორის იყო სპორტის მინისტრი ამელი ოდეა-კასტერა:
"მისი განცხადება ზიდანის მიმართ დიდი უპატივცემულობაა. საფრანგეთის პირველი სპორტული ფედერაციის პრეზიდენტმა მსგავსი კომენტარი არ უნდა გააკეთოს. ზინედინ ზიდანს ამ სიტყვებისთვის ბოდიშს ვუხდი."