Belive

ლაშა ნოზაძე: "ჩემი გუნდის მჯერა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მაქსიმუმს გავიღებთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული, "საბურთალო" ალბანური "პარტიზანის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩის წინ, თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ნოზაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"მინდა, ყველა ქართულ კლუბს საერთაშორისო სარბიელზე წარმატება ვუსურვო, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდი 2 ივლისის შემდეგ "პარტიზანთან" მატჩისთვის ინტენსიურად ემზადება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, რასაც შემდეგ ეტაპზე გასვლა წარმოადგენს. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის. ახლახანს დაგვიბრუნდნენ ჩვენი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები, გურამ გოშთელიანი და გიორგი ჯინჯოლავა, რომლებიც ჩვენს გუნდს გააძლიერებენ. ორ უკრაინელ ფეხბურთელთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა და თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ისინი საერთაშორისო მატჩების დროს დაგვეხმარებოდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ცნობილი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა მათი აქ ჩამოყვანა. ორ ქართველ ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და წესით, უახლოეს მომავალში ამ მხრივ სიახლეები უნდა გვქონდეს.  ჩვენ ბევრი სწრაფი შემტევი გვყავს და ეს შესაძლოა, უპირატესობა აღმოჩნდეს. რაც შეეხება მეტოქეს, მათ 9 ახალი ფეხბურთელი დაიმატეს და რამდენიმე მათგანი ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა. საკმაოდ ძალისმიერი გუნდია - ფიზიკურად ძლიერი და მაღალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. განსაკუთრებულ აქცენტს ისინი შეტევაზე არ აკეთებენ, უფრო მეტად თავის დაცვას და კონტრშეტევაზე თამაშის აგებას ცდილობენ. მე მჯერა ჩემი გუნდის და იმედი მაქვს, შემდეგ ეტაპზე გავალთ", - თქვა ლაშა ნოზაძემ.
"საბურთალოსა" და "პარტიზანის" დაპირისპირება გორში, "თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე", 7 ივლისს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები