Belive

ლამინე იამალის რეკორდი | 19 წლის ფეხბურთელმა ისტორია დაწერა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლამინე იამალი თავის ბრწყინვალე კარიერულ სვლას აგრძელებს. გუშინ, რაიო ვალეკანოსთან გამართულ შეხვედრაში, 19 წლის ფეხბურთელმა, რეკორდი დაამყარა. კერძოდ, ის გახდა ევროპის ტოპ ხუთი ლიგის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (19 წლის და 49 დღის), რომელმაც 50-გოლიან ნიშნულს მიაღწია.

იამალის მიღწევას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ის ფაქტი ხდის, რომ მან ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებს გადაასწრო, როგორებიც არიან კილიან მბაპე და ერლინგ ჰალანდი. მბაპემ ამ შედეგს 19 წლისა და 241 დღის, ხოლო ჰალანდმა 20 წლისა და 196 დღის ასაკში მიაღწიეს. გარდა ამისა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ბარსელონასა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, ლეო მესის შედეგიც გააუმჯობესა. ლეომ, თავის ბარსელონურ კარიერაში, 50 გოლი 21 წლის ასაკში გაიტანა.

იამალის დებიუტი, პროფესიონალურ ფეხბურთში, 2023 წელს, 15 წლის ასაკში შედგა. ახლა კი, 4 წლის შემდეგ, სულ რაღაც 19 წლის ასაკში, ბარსელონას ესპანელი თავმდამსხმელი, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია. იამალი ერთხელ უკვე გახდა ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. ბარსელონა ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნებას ცდილობს და ისეთი ფეხბურთელის ყოლა, როგორიც ლამინია, გუნდს ოპტიმიზმის საბაბს უჩენს. ახლა, როცა იამალმა, 50-გოლიანი ზღვარი გადალახა, მთავარი კითხვა ისაა, კიდევ რამდენ რეკორდს დაამხობს კატალონიელთა შემტევი.

თუ ის თამაშს ამ ტემპებით გააგრძელებს, სტატისტიკურად, არა მხოლოდ ბარსელონას ლეგენდების შედეგებს გააუმჯობესებს, არამედ შესაძლოა, თანამედროვე ფეხბურთში ისეთი სტანდარტები დაამკვიდროს, რომელთა გამეორებაც, მომავალში, ძალიან რთული იქნება. იამალმა, რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ, დუბლი შეასრულა. ბარსელონამ, მეტოქეს დიდი ანგარიშით, 5:2 სძლია. კატალონიელები, ამ ეტაპზე, 9 ქულით, წაუგებლად, ცხრილის სათავეში არიან. ბარსელონა შემდეგ შეხვედრას, სტუმრად, ვალენსიას წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები