დანი ალვეში: "მესისთან დუეტზე უკეთესი ღმერთთან ჩემი კავშირია"
ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი, დანი ალვეში, არგენტინაში ევანგელისტური მქადაგებლის რანგში იმყოფება და რელიგიურ თუ სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობს.
ბრაზილიელი მორწმუნეთა შეკრებაზე საკუთარ პირად გამოცდილებასა და რწმენაზე დაფუძნებულ გზავნილებს აზიარებს. რადიო Cadena 3-თან ინტერვიუში მან ციხეში გატარებულ პერიოდზე, რწმენის ძალასა და ლიონელ მესისთან მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრა. დანი ალვეშმა მკაცრად გააკრიტიკა ის დამოკიდებულება, რაც არგენტინაში მესის მიმართ მისი კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში არსებობდა - სანამ კაპიტანი იმ ტიტულებს მოიპოვებდა, რომლებმაც მისი ლეგენდარულობა საბოლოოდ განამტკიცა.
„არგენტინაში მას ისე არ ეპყრობოდნენ, როგორც იმსახურებდა“ - განაცხადა ალვეშმა. 42 წლის ექს-მცველმა ხაზი გაუსვა მესის უნარს, კარიერის მანძილზე საზოგადოების პატივისცემა დაემსახურებინა და ის თავისი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენლად მოიხსენია.
კითხვაზე, იყო თუ არა მისი და არგენტინელის დუეტი უკეთესი, ვიდრე მესისა და ხორდი ალბას კავშირი, ყოფილმა ფეხბურთელმა იუმორითა და პირდაპირობით უპასუხა:
ხორდი ალბა/მესი თუ დანი ალვეში/მესი? ალბა/მესი, რადგან ისინი ჩემი მეგობრები არიან. ყოველთვის მეგობრების მხარეს ვიქნები. იყო თუ არა ჩემი და მესის დუეტი უკეთესი? არა - ქრისტესთან ჩემი კავშირი ბევრად უკეთესია. - ამბობს ჩვეული პირდაპირობით დანი ალვეში
"¿MI DUPLA CON MESSI? ES MEJOR LA MÍA CON CRISTO" 👀 🇧🇷 Dani Alves, ex futbolista y ahora predicador evangélico, visitó Salta y dejó esta frase 🗣️ "¿Jordi Alba-Messi o Dani Alves-Messi? Jordi Alba-Messi porque son mis amigos, ja. Siempre voy a tirar por mis amigos. ¿Si no era mejor la mía con Messi? No, es mejor la mía con Cristo" 🎙️📹 Equipo Diez
— Diario Olé (@DiarioOle) October 20, 2026
პატიმრობაში გატარებულ დროზე საუბრისას ალვეშმა აღნიშნა: „ზოგჯერ გვგონია, რომ თავისუფლები ვართ, სინამდვილეში კი ტყვეობაში ვიმყოფებით, რადგან ადამიანისა და სამყაროს უდიდესი საპყრობილე ცოდვაა. ციხე მხოლოდ ფიზიკური ადგილია, ჭეშმარიტი თავისუფლება კი ცოდვებისგან გათავისუფლებას მოაქვს“.
ყოფილმა ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა საკუთარ წიგნზე, რომელიც პატიმრობისას დაწერა და მის ცხოვრებაში არსებულ რთულ პერიოდებს ასახავს. მისი თქმით, ნაშრომის მიზანია, მკითხველს შთაგონების მომცემი ისტორია შესთავაზოს.