Belive

ლა ლიგის მსაჯი ტელეკამერას შეეჯახა და მძიმედ დაშავდა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში "ბეტისმა" ბენიტო ვილამარინზე "ატლეტიკი" მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა. მატჩის პირველი გოლი მე-13 წუთზე ჩიმი ავილამ გაიტანა, თამაშის მსაჯის ხაზისთვის ეს მომენტი ზედმეტად უსიამოვნო გამოდგა, რადგან გვადალუპე პორასი ამ დროს მოედანზე მყოფ ოპერატორსა და ტელეკამერას შეეჯახა.

ტელეკომპანია DAZN 4K-ის ოპერატორი გოლის აღნიშვნის საუკეთესო რაკურსს ეძებდა, ამიტომ მოედანზე შემოვიდა და ზუსტად აუტის ხაზთან აღმოჩნდა. პორასმა წარბთან სერიოზული ჭრილობა მიიღო, საქმე იქამდე მივიდა, რომ სამედიცინო პერსონალმა არბიტრი საკაცით გაიყვანა და უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მეოთხე მსაჯმა, ჰოლგერას კასტელანოსმა ჩაანაცვლა.

ახლა სვამენ კითხვებს, საჭიროა თუ არა კამერების ფეხბურთელებთან ასე მიახლოება.

კამერა იქ მიდის, სადაც არ უნდა წავიდეს. გთხოვთ, ნება მიეცით მსაჯებს თავისუფლად იმუშაონ, ისინიც ფეხბურთელებივით პროფესიონალები არიან. - მიმართა ხავიერ ტებასს ყოფილმა მსაჯმა, იტურალდე გონსალესმა

ბეტისი და ატლეტიკი ცხრილში მეზობლები არიან, ბასკები 49 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან, ბეტისი კი მათ 7 ქულით ჩამორჩება. ნიკო უილიამსმა შეხვედრის მე-40 წუთზე ჯერ უხეშობისთვის მიიღო ყვითელი ბარათი და იმავე წუთზე მეორე ყვითელი არასპორტული საქციელისთვის დაიმსახურა. ესპანელი ფეხბურთელი 3 მარტს, "ბარსელონასთან" შეხვედრას გამოტოვებს.

სხვა სტატიები