La Gazzetta: "კვარასა და ოსიმენის ჰარმონია, მხოლოდ მოგონებად დარჩა"
"ინტერთან" განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ, "ნაპოლის" მორიგი გამოცდის ჩაბარება "იუვენტუსის" წინააღმდეგ მოუწევს. "ბიანკონერისთან" გასამართი მატჩის წინ, ავტორიტეტული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს აკრიტიკებს.
La Gazzetta dello Sport-ის კრიტიკულ სტატიაში აღნიშნულია, რომ იმ ჰარმონიული ურთიერთობისგან, რომელიც გასულ სეზონში, კვარასა და ოსიმენს მოედანზე ჰქონდათ, მხოლოდ აჩრდილიღაა დარჩენილი. გასულ სეზონში, კვარაცხელია და ოსიმენი მოედანზე დაფრინავდნენ და ნეაპოლიტანურ კლუბს სკუდეტოს ნანატრი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარნენ. მოედანზე ისინი ტოვებდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს ერთმანეთს დაბადებიდან იცნობდნენ, თუმცა მიმდინარე სეზონში ეს ქარიზმა გამქრალია.
გასულ სეზონში, მოედანზე ოსიმენსა და კვარაცხელიას შორის ისეთი ურთიერთობა იყო, თითქოს ერთმანეთს დაბადებიდან იცნობდნენ. შემტევი წყვილის ამ ჰარმონიამ, "ნაპოლი" ჩემპიონობამდე მიიყვანა, თუმცა, წელს მისგან მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი.
სერია A-ს გასულ სეზონში, კვარაცხელიამ ოსიმენი საგოლე გადაცემით შვიდჯერ მოამარაგა, მაგრამ წელს მათ მოედანზე ერთმანეთის პოვნა უჭირთ - რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ტრავმებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, მაგრამ ერთი რამ უდავოა - ისინი შეთამაშებული წყვილის შთაბეჭდილებას ვეღარ ტოვებენ.
ერთადერთი შემამსუბექებელი გარემოება ისაა, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ და ოსიმენმა ჯამში 10 გოლის გატანა შეძლეს, რაც "იუვენტუსის" შემტევებზე (კიეზა-ვლაჰოვიჩი) მეტია. - La Gazzetta dello Sport.
შეგახსენებთ, "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება, 8 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.