კვიპროსი - საქართველო: მატჩის მსაჯთა ვინაობა ცნობილია
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები კვიპროსის ეროვნულ გუნდს სტუმრად, ლარნაკაში, "აეკის" სტადიონზე დაუპირისპირდება.
საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების შეხვედრას პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა ფაბიო ვერისიმოს ხელმძღვანელობით მოემსახურება.
ლეირიაში დაბადებული 40 წლის არბიტრი ფიფას კატეგორიის რეფერის სტატუსს 2015 წლიდან ატარებს, ხოლო პორტუგალიის რანგით ყველაზე მაღალი დივიზიონის მატჩებს 2014 წლის შემდეგ მსაჯობს.
ფაბიო ვერისიმოს ქართულ ფეხბურთთან შეხება ერთხელ მოუწია. ეს 2015 წლის უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართულ მატჩში მოხდა და სხვათაშორის, იმ დაპირისპირებაშიც ქართულ-კვიპროსული დუელი შედგა, ოღონდ საკლუბო ასპარეზზე. მაშინ ნიქოზიის "ომონიამ" "დინამო ბათუმს" - 2:0 აჯობა. ნიქოზიაში, GSP სტადიონზე გამართულ მატჩში ფაბიო ვერისიმომ ქართველთა კარში პენალტი დანიშნა და ბათუმელებს ჯერ 3 ყვითელი, მოგვიანებით კი წითელი ბარათიც უჩვენა. ქართველთაგან გაფრთხილებები გიორგი ბერიაშვილმა, გიორგი გაბედავამ და გელა გოგიტიძემ მიიღეს, ხოლო მოედნის ნაადრევად დატოვება ბადრი ტეტუნაშვილს მოუწია. ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა ქართველებს მოგებული ჰქონდათ (1:0), თუმცა საპასუხო მატჩში მარცხის შემდეგ მესამე ეტაპის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხეს.
ფაბიო ვერისიმოს კვიპროსული კლუბებისა და ახალგაზრდული, 21-წლამდე ნაკრების მონაწილეობით რამდენიმე მატჩზეც უმუშავია.
ფაბიო ვერისიმოს ასისტენტები უახლოეს მატჩში თანამემამულეები, პედრო ალმეიდა და ლუის ტეიშეირა იქნებიან, მეოთხე მსაჯი კი ასევე პორტუგალიელი ელდერ მალეირო გახლავთ. რაც შეეხება ვიდეო მსაჯთა გუნდს, აქაც პორტუგალიელები, ტიაგო მარტინსი და ლუის გოდინო იმუშავებენ.
საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩი 17 ივნისს შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.