"კვარაცხელიაზე უარი ამ მიზეზის გამო ვთქვით" - ინტერის სპორტული დირექტორი
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა - პიერო აუზილიომ იტალიურ მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით "ინტერი", "იუვენტუსი" და "რომა" აქტიურად ინტერესდებოდნენ, თუმცა, კოვიდპანდემიის შემდეგ "ნაპოლიმ" სიტუაციით ისარგებლა და ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავის ტრანსფერი მინიმალურ ფასად განახორციელა.
"ნერაძურის" სპორტულმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კვარაცხელია მხოლოდ იმიტომ არ შეიძინეს, რომ კონტესა და მოგვიანებით ინძაგის 3-5-2 ფორმაციაში მსგავსი ტიპის ფეხბურთელის ჩასმა დიდ სირთულეს წარმოადგენდა.
"კვარაცხელია მიმართ მხოლოდ ჩვენ არ ვიჩენდით ინტერესს. ის მთვარიდან არ ჩამოსულა - ამ ბიჭს ყველა ვიცნობდით. "იუვენტუსი" და "რომა" ასევე მუშაობდნენ მის ტრანსფერზე და პირადად მე შევხვდი კვარაცხელაის აგენტს, მაგრამ 3-5-2 ფორმაციით თამაშის დროს, მისი ტიპის ფეხბურთელის გუნდში დამკვიდრება რთულია, ამიტომ მასზე უარი ვთქვით. კოვიდპანდემიის შემდეგ სიტუაციით "ნაპოლიმ" ისარგებლა. მსგავსი ტიპის არჩევანის გაკეთება უდიდეს გამბედაობას მოითხოვს. კვარაცხელია ჩამოყალიბებული, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობი ფეხბურთელი იყო", - პიერო აუზილიო.
#Inter, #Ausilio: “Conoscevamo bene Kvaratskhelia, ma non lo abbiamo preso perché giochiamo 3-5-2”. pic.twitter.com/XkYRAPNbjo
— Pasquale Guarro (@GuarroPas) July 5, 2023
შეგახსენებთ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" სკუდეტოს მფლობელი გახდა. ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ, რომელმაც 14 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. კვარაცხელიასთვის გასული სეზონი შთამბეჭდავი გამოდგა - ქართველი ვარსკვლავი სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ასევე, კვარას ჩემპიონთა ლიგის საკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული ერგო, ხოლო სერია A-ს სეზონის საუკეთესო გოლად - კვარას მიერ "ატალანტას" კარში გატანილი შედევრი დასახელდა.