"კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია, რომელიც დიდებულ გუნდში თამაშობს" - ლუკა ლოჩოშვილი
იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის შეხვედრაში, ქართული დაპირისპირება შედგება, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" დაუპირისპირდება.
ავსტრიიდან იტალიაში გადასული ლოჩოშვილი "კრემონეზეს" ძირითად შემადგენლობაში თანდათან იმკვიდრებს თავს და ელიტაში ახლადაღზევებული კლუბის დაცვას აძლიერებს. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ფენომენალური ასპარეზობით შეძლო და სრულიად მსოფლიო აალაპარაკა.
- “ეს შესაძლებელია” – ლივერპულს კვარაცხელიას შეძენას ურჩევენ
- ნაპოლის ფეხბურთელების ხელფასები | კვარა მე-19 პოზიციაზეა
- “კვარაცხელია ხატავს ფეხბურთს” – La Gazzetta dello Sport
"კრემონეზესა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 9 ოქტომბერს, თბილისის დროით, 20:00 საათზე გაიმართება.
მატჩის წინ ლუკა ლოჩოშვილი La Gazzetta dello Sport-ს ესაუბრა და მეგობრის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. "დინამო თბილისში" ერთად ვასპარეზობდით და ახლა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ღირსებას ვიცავთ. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება. უდიდესი სამუშაოს გაწევა მოგვიწევს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, რომ მისი ლიმიტირება და შეზღუდვა მაინც შევძლოთ. მაგრამ პრობლემა მხოლოდ კვარაცხელია არ არის - საქმე ეხება "ნაპოლის", რომელმაც გვაჩვენა, რომ დიდებული გუნდია".
ლუკა ლოჩოშვილმა "კრემონეზეში" გადასვლის შესახებ და გუნდში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
"როდესაც "კრემონეზეში" გადმოსვლის შესაძლებლობის შესახებ გავიგე - კლუბს, მთავარ მწვრთნელსა და მენეჯმენტს ვესაუბრე და გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია. ამ დროისათვის იღბალი გვაკლია. თითქმის ყოველთვის კარგად ვთამაშობთ, მაგრამ, სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ. ალვინი ძალიან ბევრს შრომობს და ვარჯიშებზე ჩვენგანაც მაქსიმუმს მოითხოვს. მატჩების დროს საკმაოდ ემოციურია, თუმცა, მოედნის მიღმა მშვიდი და დიდებული ადამიანია".