Belive

კვარაცხელია: ,,სპალეტი ძალიან მაგარი ადამიანია, სულ მეუბნება, რომ უფრო მეტი უნდა ვაკეთო''

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

სერია A-ს იუთუბ-არხმა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას, ინტერვიუ გამოაქვეყნა. ,,როდესაც ის გასულ ზაფხულს ,,ნაპოლიში'' ჩავიდა, ვინ წარმოიდგენდა, რომ მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთული იქნებოდა, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა?! მაგრამ, მისი არაპროგნოზირებადი შეტევებით, მარცხენა გარემარბი სეზონის გამორჩეული ვარსკვლავი გახდა. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის მცველებს, თავისი ჰიპნოტური დრიბლინგით ტრანსში აგდებს.''

,,რთულია ამაზე საუბარი, ჩემი მხრიდან, ალბათ არასწორი იქნება... მაგრამ, რა თქმა უნდა, ბურთთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვარს. ხანდახან, ისე გამოდის, რომ ცოტა ზედმეტიც მომდის, მაგრამ ამაზე ვმუშაობ. ბურთის სიყვარული ცოტა ზედმეტი მაქვს, თუმცა, არაუშავს, ყველაფერი გამოსწორებადია. მთავარია გუნდს გამოვადგე.''

ხვიჩას ,,კვარადონა'' უწოდეს, ,,ნაპოლის'' ისტორიაში ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის სახელი:

,,მარადონას რაც შეეხება, მასთან არცერთი ფეხბურთელის შედარება არ შეიძლება. ის ლეგენდა იყო და ძალიან რთულია, რომ ასეთი მოთამაშე დედამიწაზე კიდევ დაიბადოს. ძალიან მიხარია, რომ ასეთ ფეხბურთელს მადარებენ, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, პასუხისმგებლობას მმატებს.''

გუნდის მთავარ მწვრთნელზე - ლუჩანო სპალეტიზე:

,,პირველ ყოვლისა, მის ადამიანობას გამოვარჩევ, ძალიან მაგარი ადამიანია... სულ რაღაცას მელაპარაკება, რაღაცას მიხსნის, მასწავლის. ვატყობ, რომ ძალიან განვვითარდი, ბევრი რაღაც ვისწავლე და კიდევ უფრო მეტის სწავლა მინდა. სულ მეუბნება, რომ უფრო მეტი უნდა ვაკეთო და არაფრით არ უნდა დავკმაყოფილდე.''

,,ნაპოლის'' დაცვაზე და კიმ-მინ ჯაეზე:

,,კიმი საოცარი ადამიანია, ძალიან პოზიტიურია. როცა მას ელაპარაკები, უშანსოდ ხარ, აუცილებლად გაგეცინება, ძალიან ბევრს ხუმრობს. ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, რადგან როცა ის დგას უკან, იმედი გაქვს, რომ გოლს არ გავუშვებთ.''

კვარაცხელიამ ზურგის ტკივილის გამო, იტალიის ჩემპიონატის ორი მატჩი (ატალანტასა და ემპოლის წინააღმდეგ) გამოტოვა და დღეს ვერც ,,უდინეზეს'' წინააღმდეგ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

სერია A-ს 14 ტურის შემდეგ, ლუჩანო სპალეტის გუნდი 38 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ლაციოს” 8 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები