კვარაცხელია მარჯვნიდან - ლუის ენრიკემ ქართველს ახალი როლი მისცა
"პარი სენ-ჟერმენის" მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, სასტარტო თერთმეტეულში ექსპერიმენტების არ ეშინია და ესპანელმა ტაქტიკოსმა, ხვიჩა კვარაცხელიას, ადგილი მარჯვენა ფლანგზე უპოვა. ყოველ შემთხვევაში, პსჟ-ის ბოლო 3 შეხვედრაში, ხვიჩამ დროის უდიდესი ნაწილი მარჯვნიდან ითამაშა და ამან შედეგიც მოიტანა.
ლიგა 1-ის ოფიციალური ვებ-გვერდი სტატიას სწორედ ამ სახელწოდებით აქვეყნებს: "ხვიჩა მარჯვენა ფლანგიდან - პსჟ-ის ახალი სტრატეგია კლუბს სარგგებელს მოუტანს".
მიუხედავად იმისა, რომ კვარას მარცხენა გარემარბად ვიცნობთ, ქართველი თავის ახალ როლს შეუფერხებლად შეეგუა. ეს შესანიშნავია პსჟ-სთვის, რადგან მათ შეუძლიათ ჰყავდეთ იდეალური შემტევი ტრიო, რომელშიც შედიან ბრედლი ბარკოლა, კვარაცხელია და უსმან დემბელე. ხვიჩა თავისი მრავალმხრივობის გათვალისწინებით, ბარკოლას საშუალებას მისცემს მარცხენა ფლანგი აითვისოს.
"ტულუზა", "ბრესტი" და "ლიონი" - 3 თამაშში 3 საგოლე მოქმედება და დროის უდიდესი ნაწილი მარჯვენა ფლანგზე, ამას ემატება ენრიკეს შეუზღუდავი როტაციები, რაც კვარას თავისუფლებას აძლევს, გარკვეულ სიტუაციებში საყვარელი ფლანგიც დაიკავოს და იქიდან შეუტიოს.
რამენად აპირებს ესპანელი სპეციალისტი კვარაცხელიას "სახლი" მარჯვენა ფლანგი გახდეს, "ლივერპულთან" ჩატარებული შეხვედრები გამოაჩენს, სადაც ქართველი, დიდი ალბათობით, სწორედ ამ პოზიციაზე დაიწყებს.