"ჩემს კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა" - მამარდაშვილი ყოფილ მწვრთნელს დაემშვიდობა
მადრიდის რეალის ყოფილი მეკარე, რომელიც პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, ვალენსიისა და ლივერპულის მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, სახელოვანი კიპერი ბოლო წლების განმავლობაში ავადმყოფობდა და საბოლოოდ დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა.
ხოსე მანუელ ოჩოტორენა (ოჩოტო) სამეფო კლუბთან ერთად სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ კი უეფას თასის ტრიუმფატორადაც მოგვევლინა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ოჩოტო ვალენსიასა და ლივერპულში მეკარებიის მწვრთნელად მუშაობდა. სწორედ ოჩოტოს უკავშირდება გიორგი მამარდაშვილის წარმატებული ესპანური კარიერა და როგორც ქართველი კიპერი აღნიშნავს, ოჩოტომ მის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ადამიანი, რომელმაც ჩემს კარიერასა და ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია, გარდაიცვალა. მადლობა ყველაფრისთვის რაც მასწავლე. მადლობა ნდობისთვის და ჩემს განვითარებაზე ზრუნვისთვის, არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელის არამედ, როგორც ადამიანის. შენი მემკვიდრეობა მუდამ იარსებებს და უსაზღვროდ იღბლიანები ვართ, რომ შენგან სწავლის შესაძლებლობა მოგვეცა. მშვიდად განისვენე ოჩოტო. - გიორგი მამარდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი 2021-25 წლებში ვალენსიას ღირსებას იცავდა, საიდანაც ლივერპულს შეუერთდა.