Belive

კვარაცხელია და ლეაო სატრანსფერო რადარზე - სანჩოს დღეები მანჩესტერში დათვლილია?!

1 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ

ავტორიტეტული სპორტული ტაბლოიდი Goal.com-ი, ჯეიდონ სანჩოს იმედგაცრუებად აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი დღეები "მანჩესტერ იუნაიტედში" დათვლილია.

Goal.com-ის ვრცელ სტატიაში საუბარია იმ შემტევებზე, რომელთა დამატების შემთხვევაში, "წითელი ეშმაკები" ჯეიდონ სანჩოს პრობლემას მოაგვარებენ. ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ რედაქცია ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიაზე ამახვილებს.

დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილმა ვარსკვლავმა "ოლდ ტრაფორდზე" შთაბეჭდილების მოხდენა ვერ შეძლო - სატრანსფერო ბაზარზე რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომელიც პრემიერ ლიგის გრანდისთვის შესაძლოა წარმატების მომტანი აღმოჩნდეს.

წლების განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური ისეთმა სახელოვანმა ვინგერებმა მოირგეს, როგორიცაა ჯორჯ ბესტი და რაიან გიგზი, ან დევიდ ბექჰემი და კრიშტიანუ რონალდუ. კარიერის პიკში ყოფნის დროს, ამ ვარსკვლავებმა ბრწყინვალე ინდივიდუალური პერფორმანსით დაამტკიცეს, რომ ერთი ქმედებით შეეძლოთ მატჩის ბედის გადაწყვეტა. მათ ბუნებრივად გააჩნდათ გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომელიც არ ისწავლება და სწორედ ამ უნარების გამო, "ოცნებების თეატრის" კერპებად იქცნენ.

ჯეიდონ სანჩოს შესაძენად, "იუნაიტედმა" £73 მილიონი გადაიხადა. ისტორიული კლუბის მესვეურებს სწამდათ, რომ სანჩო მასზე გაცემულ ავანსებს გაამართლებდა. ოპტიმიზმის საბაბს ახალაგზრდა ვარსკვლავის ბრწყინვალე მატჩები იძლეოდა - ბუნდესლიგაში სანჩო "დაფრინავდა". ვინგერმა "ბორუსიას" მაისურით 50 გოლის გატანა და 64 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. სოლიდური სტატისტიკის მიუხედავად, სანჩოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მისი გამბედაობა და ინტელექტი იყო. ხასიათი და პიროვნული თვისებები არის ის კრიტერიუმები, რომელიც კარგ ფეხბურთელებსა და დიდებულ ვარსკვლავებს განასხვავებს.

მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა გახდა მიზეზი - სანჩომ საკუთარი თავის ამ ვერსიის "ოლდ ტრაფორდზე" წარმოჩენა ვერ შეძლო! "წითელი ეშმაკების" მაისურით ჩატარებულ 68 შეხვედრაში, მის ანგარიშზე მხოლოდ 10 გოლია, რაც ნამდვილად არაა ის შედეგი, რომელსაც მისგან ელოდნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა შესაძლოა ორივე მხარისთვის მომგებიანი აღმოჩდნეს - "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეიძინოს ვინგერი, რომელიც ნამდვილად სჭირდება და სანჩო წავიდეს ისეთ გუნდში, სადაც მის უნარებს ბოლომდე გამოავლენს. ჯეიდონ სანჩო "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდების დარბაზში ნამდვილად ვერ მოხვდება, მაგრამ ევროპულ ასპარეზზე უკვე გამოჩნდნენ ისეთი ვარსკვლავები, რომელთაც ამის დიდი პოტენციალი გააჩნიათ.

ხვიჩა კვარაცხელია



მის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი, როდესაც ბათუმის "დინამოდან" €12 მილიონის სანაცვლოდ "ნაპოლის" შეუერთდა.

თავდაპირველად, უცხო თვალისთვის კვარაცხელია განიხილებოდა, როგორც ლორენცო ინსინიეს სუსტი შემცვლელი. კლუბში გატარებული 12 წლის შემდეგ, ინსინიე "პარტენოპეის" ლეგენდის სტატუსს ატარებდა, რომელმაც უეცრად გადაწყვიტა, რომ მის კარიერაში ახალი გამოწვევის მიღების დრო იყო და MLS-ის ბინადარ "ტორონტოს" შეუერთდა.

სკეპტიკოსები მომენტალურად დადუმდნენ, როდესაც კვარაცხელიამ ფენომენალური პერფორმანსით გაიბრწყინა. კლუბის სკაუტებმა ნამდვილად იცოდნენ, თუ რას აკეთებდნენ და კვარაცხელიას სახით, როგორ ვარსკვლავს მიაგნეს. "დიეგო არმანდო მარადონაზე" კვარაცხელიამ მისი ბრწყინვალე უნარები ნათლად გამოავლინა და ყველას აჩვენა, თუ რამდენად სახიფათოა ბურთით.

ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ს სადებიუტო სეზონში 10 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. უნიკალური შედეგი, რომლის დასაფიქსირებლად, კვარას დაახლოებით 25 მატჩი დასჭირდა. კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების ბრწყინვალე თამაშის შედეგად, "ნაპოლიმ" ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში იასპარეზა, სადაც "მილანთან" დამარცხდა.

თანამედროვე ფეხბურთში კვარაცხელიას მსგავსი ვარსკვლავი არ არსებობს. მისი დრიბლინგის სტილი შესაძლოა რიგ ეპიზოდებში უცნაური იყოს, მაგრამ ერთი რამ ცხადია - კვარას დრიბლინგი საოცრად ეფექტურია!

ქართველი ფეხბურთელი გრავიტაციის დაბალ ცენტრს ინარჩუნებს, რაც აძლევს შესაძლებლობას, რომ თვალსიდახამხამებაში შეიცვალოს მიმართულება. ის არის ფეხებთან ახლოს ბურთით სწრაფი სირბილის ოსტატი, რამაც მესისთან შედარებაც კი გამოიწვია.

კვარაცხელია საკუთარ მემკვიდრეობას ქმნის და ამტკიცებს, რომ არის იმ კალიბრის ვარსკვლავი, რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი პუბლიკა ფეხზე წამომდგარი დაუკრავს ტაშს.



პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიასთან ერთად, მისი თანაგუნდელის - ვიქტორ ოსიმენითაც ინტერესდება, მაგრამ არჩევანის შემთხვევაში, "წითელი ეშმაკები" კვარაზე უნდა შეჩერდნენ, რადგან მისთვის "კვარადონა" ტყუილად არ უწოდებიათ.

კვარაცხელია მიეკუთვნება ისეთი ტალანტების კატეგორიას, რომლებიც ხშირად არ ჩნდებიან. ტენ ჰაგის მაღალი ტემპისა და შეტევაზე ორიენტირებული სათამაშო სტილისთვის, ის ნამდვილად იდეალური შენაძენი იქნება.

Goal.com-ის რედაქციამ, ქართველ ვარსკვლავთან ერთად რაფაელ ლეაო, ნეიმარი, კაორუ მიტომა, ანსუ ფატი და კრისტიან პულიშიჩი გამოარჩია. ავტორიტეტული ტაბლოიდი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ ამ ვინგერს აქვს ყველა უნარი იმისათვის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გაიბრწყინოს და საკუთარი სახელი უკვდავყოს.

სხვა სტატიები