"კვარას თავი დაანებეთ - მის ადგილას თქვენ როგორ მოიქცეოდით?" - იტალიელი ჟურნალისტი
"პარი სენ-ჟერმენმა" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი განახორციელა - ავტორიტეტული იტალიური და ფრანგული მედია საშუალებების მტკიცებით, პარიზული გრანდი კვარას სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდის, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, შესაძლოა რამდენიმე მილიონი დაემატოს.
ცნობილია, რომ კვარაცხელია სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და კარიერულ ასპარეზზე, ახალი ისტორიის წერას შეუდგება.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლას, ბუნებრივია "ნაპოლის" გულშემატკივრების უკმაყოფილება მოჰყვა. "პარტენოპეის" ფანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კვარამ მათ უღალატა და ამ ყველაფერში შეიძლება ანტონიო კონტე და "ნაპოლის" ხელმძღვანელობაც დავადანაშაულოთ, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამნაშავედ კვარა წარმოეჩინათ.
საყოველთაო კრიტიკის ფონზე, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც კვარას გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ. იტალიელი ჟურნალისტი ლიბერატო ფერარა, ფანებს მოუწოდებს შეწყვიტონ კვარაცხელიას ღალატში დადანაშაულება, ხოლო "ნაპოლის" წარმომადგენლებს რიტორიკულ კითხვას უსვამს, თუ როგორ მოიქცეოდნენ მის ადგილას?
ყველა კვარას წინააღმდეგაა და ღალატში ადანაშაულებს. მაგრამ, დარწმუნებულნი ვართ, რომ ადამიანები, რომლებიც მას აკრიტიკებენ სხვაგვარად მოიქცეოდნენ?
კვარაცხელია ნეაპოლიტანელი არაა და დიდი ალბათობით ამ კლუბში მოსვლამდე მხოლოდ ის იცოდა, რომ ოდესღაც აქ მარადონა თამაშობდა. მის სანაცვლოდ მინიმალური თანხა გადაიხადეს და ვაღიაროთ, რომ დაბალ ანაზღაურებაზე თამაშზე განაცხადა თანხმობა. კვარაცხელიამ დიდებულად ითამაშა და ოსიმენთან ერთად, ნანატრი ჩემპიონობის მოპოვების მთავარი პროტაგონისტი გახდა. კლუბის 100-წლიანი ისტორიის მანძილზე, ჩემპიონის მესამე ტიტულის მოპოვებაში დაგვეხმარა. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: ეს გააკეთა ფეხბურთელმა, რომელიც არ არის ნეაპოლიტანელი და შესაძლოა არც "ნაპოლის" ფანი ყოფილიყო.
გასაკვირი არაა, რომ კვარაცხელიამ სარფიანი წინადადებები მიიღო კლუბებისგან, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთში "ნაპოლიზე" გაცილებით მაღლა დგანან. შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენს" არ ჰქონდა, უფლება, რომ კვარაცხელიასთან მოლაპარაკებები დე ლაურენტისის თანხმობის გარეშე დაეწყო და ეს აკრძალულია, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ ამ აკრძალვას გრანდები ხშირად არღვევენ.
ამ ფონზე, "ნაპოლი" კვარას თითქმის ორჯერ ნაკლებ ანაზღაურებას სთავაზობდა. კვარას ადგილას თქვენ როგორ მოიქცეოდით? ადვილია მოღალატე უწოდო ადამიანს, მაგრამ თქვენ როგორ მოიქცეოდით? გარკვეული დონის შემდეგ, იტალიური ფეხბურთი არაკონკურენტუნარიანია. იტალიაში კლუბებს არ შეუძლიათ მოთამაშეებს წელიწადში 10 მილიონი გადაუხადონ.
-
როგორც პერსონა დე ლაურენტისი ნამდვილად არ მომწონს. ხშირად ისე საუბრობს, რომ მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ფეხბურთი საერთოდ არ იცის. მას არც ფანების განცდების ესმის. ამ შემთხვევაში დე ლაურენტისის შეცდომა ისაა, რომ კვარაცხელია ზაფხულში არ გაყიდა. ფეხბურთი კინო არაა. კონტრაქტებს ღირებულება გააჩნია, მაგრამ გარკვეულ დონეზე. როდესაც არ შეგიძლია, რომ მოთამაშის მოთხოვნები დააკმაყოფილო, მას წასვლის შესაძლებლობა უნდა მისცე. როგორც ჩანს, ოსიმენის მაგალითი დე ლაურენტისისთვის კარგი გაკვეთილი არ აღმოჩნდა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კვარაცხელიას დადანაშაულების აზრს ვერ ვხედავ. ის პროფესიონალია და უკეთ იცის, თუ რა სჯობს მისთვის. კვარაცხელია არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელიც "ნაპოლის" დატოვებს და როგორ უნდა ვუწოდოთ მოღალატე ფეხბურთელს, რომელიც უკეთეს გუნდში გადადის?! - ლიბერატო ფერარა.
შეგახსენებთ, "ნაპოლის" მაისურით კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 107 მატჩში მიიღო მონაწილეობა. კვარამ 30 გოლის გატანა და 24 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო და "პარტენოპეის" ჩემპიონის ნანატრი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.
"ნაპოლის" რიგებში გატარებულ სადებიუტო სეზონში, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.