კურტუა თუ ლუნინი ფინალში? ანჩელოტის ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია
ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელშიც ერთმანეთს "რეალ მადრიდი" და დორტმუნდის "ბორუსია" დაუპირისპირდებან, ესპანელებს კარგი ამბავი აქვთ. უმძიმესი ტრავმის შემდეგ, რამაც ტიბო კურტუას მთელი სეზონი გამოატოვებინა, მეკარე დაბრუნდა და შაბათს გასამართი ფინალისთვის მზად იქნება. ახლა საკითხავი ისაა, თუ რას გადაწყვეტს მთავარი მწვრთნელი, რადგან ანდრეი ლუნინმა ბელგიელი მეკარე შესანიშნავად შეცვალა და მისი თამაშით მადრიდში კმაყოფილები არიან. კარლო ანჩელოტიმ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ორივე იმსახურებს ფინალში თამაშს. ლუნინი საოცრად თამაშობს და მეორე მხრივ, ყველამ ვიცით, რამდენად გამოცდილია კურტუა. ვფიქრობ, გადაწყვეტილებას მატჩის წინ მივიღებ.
ლუნინი შესანიშნავ სეზონს ატარებს. მას დღეს სიცხე აქვს, მაგრამ შაბათს გამოჯანმრთელდება. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო მეკარე (კურტუა).
მე მიყვარს დებატების მოსმენა [ვინ უნდა ითამაშოს]. ამ კვირაში ბევრი საქმე არ მაქვს გასაკეთებელი, ამიტომ გავაგრძელებ მოსმენას. თუ დღეს ვიტყვი ვინ ითამაშებს, მაშინ დებატებიც შეწყდება. - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ
ტიბო კურტუა მადრიდის რეალის ღირსებას 2018 წლიდან იცავს და მას სამეფო კლუბში 170 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალში ლივერპულის დამარცხების შემდეგ (1:0), ყველა აღნიშნავდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, რაც მეკარეს ფინალებში ჩაუტარებია.