კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში პირველი მილიარდერი ფეხბურთელი გახდა
Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, კრიშტიანუ რონალდუ პირველი მილიარდერი გახდა ფეხბურთის ისტორიაში - მისი ქონება 1.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ევროპის უდიდეს კლუბებში, მათ შორის რეალ მადრიდში, მანჩესტერ იუნაიტედსა და იუვენტუსში, ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თამაშით და ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობით, როგორიცაა Armani და Nike, ამ ქონების ნაწილი დაგროვდა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არაა.
"ბლუმბერგის“ ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რონალდუს ქონება მის ინდექსში შევიდა და ადასტურებს, რომ ის ახლა სპორტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირია.
წლების განმავლობაში, რონალდუს შემოსავალი მოდიოდა მაღალი ხელფასების, სასპონსორო გარიგებებისა და პირადი ბიზნეს წამოწყებებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელფასები ევროპაში, მესის ხელფასს არ აღემატებოდა, ბალანსი 2023 წელს შეიცვალა, როდესაც რონალდუმ კონტრაქტი საუდის არაბეთის კლუბ ალ ნასრთან გააფორმა.
ამ ნაბიჯმა პორტუგალიელს წელიწადში 200 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადებისგან გათავისუფლებული პაკეტი მოუტანა, რასაც 30-მილიონიანი ბონუსი ემატებოდა. „ბლუმბერგის“ შეფასებით, რონალდუმ 2002-დან 2023 წლამდე, ხელფასის სახით, 550 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.