კრიშტიანუ რონალდუ ესპანური გუნდის მეწილე გახდა
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საკეთესო ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარი ბიზნესის საფეხბურთო მიმართულებით გაფართოება გადაწყვიტა.
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ლა ლიგა 2-ში მოთამაშე გუნდის, ალმერიას აქციების 25% შეიძინა.
ანდალუსიური გუნდის მფლობელი საუდის არაბული კომპანია SMC Group გახლავთ, რომლის შუამდგომლობითაც 5 ოქროს ბურთის მფლობელი ალმერიას აქციონერი გახდა. კრიშტიანუ რონალდუ ალმერიას მფლობელებს CR7 Sports Investments-ის მონაწილეობით შეუერთდა.
"დიდი ხანია მინდოდა მოედნის გარედან ფეხბურთის განვითარებაში წვლილის შეტანა. ალმერია ესპანური გუნდია ძლიერი საფუძვლითა და ზრდის აშკარა პოტენციალით. მსურს მენეჯმენტის გუნდთან ერთად ალმერიას ახალ ეტაპზე გადასვლაში დავეხმარო", - ამბობს კრიშტიანუ რონალდუ.
ალმერია ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 27 მატჩის შემდეგ 48 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და ესპანური ფეხბურთის ელიტაში გადასასვლელად იბრძვის.