Belive

კლაუდიო ბრავო: "თუ ბარსელონას დავჭირდები, საფეხბურთო კარიერას განვაახლებ"

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის ლა ლიგა 1-ის მე-6 ტურის შეხვედრაში "ბარსელონამ" "ვილიარეალი" 1:5 გაანადგურა, მაგრამ მატჩში კატალონიელებისთვის სამწუხარო რამ მოხდა, პირველი ტაიმის მიწურულს ბარსელონელთა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმა მიიღო.

32 წლის გერმანელი მეკარე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის დროს მინდორზე უხერხულად დაეშვა და მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, ამის შემდეგ რა თქმა უნდა ტერ შტეგენის შეცვლა გახდა საჭირო, მაგრამ ეს თავისი ფეხით ვერ შეძლო და საკაცით გაიყვანეს.

"ბარსელონას" კარის დარაჯის ტრავმა პირველადი ინფორმაციით მუხლის მყესის დაზიანებაა, რაც 7-8 თვით ფეხბურთისგან ჩამოშორებას გულისხმობს. დღეს გერმანელ მეკარეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რამაც აჩვენა, რომ მას მუხლის მყესი აქვს გაწყვეტილი. "ბარსელონამაც" დაადასტურა, რომ 32 წლის გერმანელი მინიმუმ 7-8 თვეს გამოტოვებს.

ამ ყველაფრის ფონზე, "ბარსელონასა" და ჩილეს ნაკრების ყოფილმა მეკარემ - კლაუდიო ბრავომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ იგი მზად არის საფეხბურთო კარიერა განაახლოს, იმ შემთხვევაში თუ "ბარსელონას" დახმარება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ კლაუდიო ბრავო "ბარსელონაში" 2014/2015 წლების სეზონიდან 2016/2017 წლების სეზონის ჩათვლით თამაშობდა, რა პერიოდშიც მან 75 მატჩი ჩაატარა, საიდანაც: 44 გოლი გაუშვა, 43-ჯერ კი კარის მშრალად შენახვა შეძლო.

კლაუდიო ბრავომ "ბარსელონასთან" ერთად შემდეგი ტიტულები მოიგო.

  • ჩემპიონთა ლიგა (2014/2015 წლების სეზონი)

  • უეფას სუპერ თასი (2015/2016 წლების სეზონი)

  • ესპანეთის თასი 2-ჯერ (2014/2015; 2015/2016)

  • ესპანეთის ჩემპიონატი (2014/2015; 2015/2016)

  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2016 წელი)

  • ესპანეთის სუპერ თასი (2016/2017 წლების სეზონი).

აქვე შეგახსენებთ, რომ კლაუდიო ბრავომ საფეხბურთო კარიერა 2023 წელს "ბეტისში" დაასრულა.

სხვა სტატიები