ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ვენეციასთან
"ნაპოლიმ" წლის ბოლო მატჩში "ვენეციას" უმასპინძლა და 1:0 მოუგო. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც "ლაციოსთან" მიღებული ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და კონტეს შეექმნა დილემა, დაეყენებინა კვარა თუ დავიდ ნერეში, რომელმაც ბოლო 2 შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. საბოლოოდ, ნაპოლის მწვრთნელმა მიიღო გადაწყვეტილება ორივე ფეხბურთელს სასტარტო თერთმეტეულში დაეწყო და შემადგენლობიდან პოლიტანო ამოაგდო.
მატჩი თავიდან ბოლომდე მასპინძლების კარნახით მიდიოდა, 37 წუთზე ლუკაკუმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მეორე ტაიმში ბელგიელმა ფორვარდმა ძელსაც გაარტყა ბურთი. შეხვედრის ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე, ანგისას ნაცვლად შემოსულმა რასპადორიმ გაიტანა.
ხვიჩა მოედნიდან 75-ე წუთზე გავიდა და მინდორზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ნეაპოლელთა შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასებაც სწორედ ქართველმა დაიმსახურა - 8.0 (sofascore), ხოლო 7.7 (whoscored) ვერსიით. ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება ვენეციელთა მეკარემ, ფილიპ სტანკოვიჩმა მიიღო, რომელმაც პენალტთან ერთად რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.
სეზონის პირველ ნახევარს ნაპოლი 41 ქულით, მეორე ადგილზე ასრულებს. "ატალანტასაც" 41 ქულა აქვს თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, ბერგამოელები ცხრილის პირველ ადგილზე არიან.