ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ბრესტთან შეხვედრაში
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურში პსჟ ბრესტს ესტუმრა და მეტოქე 0:3 დაამარცხა. მატჩის პირველივე ტაიმში, პარიზელები აშრაფ ჰაკიმის დუბლით იგებდნენ. ბოლო გოლი კი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, დეზირე დუემ გაიტანა.
შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ და ის მე-60 წუთზე სწორედ მესამე გოლის ავტორმა შეცვალა. აღსანიშნავია, რომ კვარამ ჰაკიმის მეორე გოლი დროს ასისტი გააკეთა, რითაც ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, პირველი საგოლე მოქმედება ჩაიწერა აქტივში.
ხვიჩა პასებს 90%-იანი სიზუსტით გასცემდა (35/39). 2-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით, ორივე შემთხვევაში ბურთი ჩარჩოში წავიდა და მეკარემ მოახერხა მოგერიება. WHOSCORED-სა და SOFASCORE-ს შეფასების მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიამ 7.1 ქულა დაიმსახურა.
პსჟ-ს 20 ქულა აქვს და ცხრილის პირველ ადგილზეა, თუმცა მარსელს, რომელიც დედაქალაქელებს 2 ქულით ჩამორჩება, საკუთარი შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია.
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში, პსჟ სტუმრად ლორიენის წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი 29 ოქტომბერს შედგება.
Victoire à Brest ❤️💙 pic.twitter.com/x4WE1CWPYr
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) October 25, 2025