ხვიჩა კვარაცხელია ყველა დროის ბომბარდირებში ალექსანდრე იაშვილს გაუთანაბრდა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A-ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, ესპანეთისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. ვალიადოლიდში გამართული მატჩი "ფურია როხას" გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. მატჩის მე-10 წუთზე, კვარამ გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასით ისარგებლა და უნაი სიმონის კარი აიღო.
ესპანეთის კარის აღების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას "ჯვაროსნების" მაისურით გატანილი 15 გოლი დაუგროვდა და საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირებს შორის, ალექსანდრე იაშვილს გაუთანაბრდა. კვარაცხელიამ ნაკრებში ჩატარებულ 28 მატჩში 15 გოლი გაიტანა, რითიც იაშვილს მე-3 ადგილზე გაუთანაბრდა. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ ამ შედეგის მისაღწევად, კვარას იაშვილთან შედარებით 39-ით ნაკლები მატჩი დასჭირდა.
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი შოთა არველაძეა, რომელმაც 61 მატჩში 26 გოლი გაიტანა. მეორე ადგილს თემურ ქეცბაია იკავებს (52 მატჩი, 17 გოლი), ხოლო მესამე პოზიციას ხვიჩა კვარაცხელია (28 მატჩი, 15 გოლი) და ალექსანდრე იაშვილი (67 მატჩი, 15 გოლი) იყოფენ.