ხვიჩა კვარაცხელია სეზონის სტარტს გამოტოვებს?!
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ 2023/24 წლების საფეხბურთო სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში ტრავმა მიიღო.
წინასასეზონო შეკრების დროს, რომელიც კასტელ დი სანროში მიმდინარეობს, იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა, "ჟირონასთან" ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა, ნეაპოლელებმა კი გამარჯვებას პენალტების სერიაში მიაღწიეს. მატჩის მიწურულს, 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, მარცხენა ფეხზე მცირე ტრავმა მიიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაზიანება რთული არ არის, მაგრამ მას თერაპიის გავლა და დასვენება მოუწევს. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელია "აუგსბურგთან" ჩასატარებელ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს.
იტალიური მედია საშუალებები ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სირთულესთან დაკავშირებით აპელირებენ და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ.
მაგალითად, La Repubblica აღნიშნავს, რომ კვარას ტრავმა არც ისე სერიოზულია და ქართველი ვარსკვლავი მხოლოდ "აუგსბურგთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს. Il Mattino მიიჩნევს, რომ კვარაცხელიას ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ, რის გამოც სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის პირველ შეხვედრას გამოტოვებს.
Il Mattino-ს მტკიცებით, რომ რუდი გარსია შიშობს, რომ კვარას ტრავმა იმაზე მძიმეა, ვიდრე თავდაპირველად ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა. "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი შიშობს, რომ კვარაცხელიას შესაძლოა არა მხოლოდ დაჟეჟილობა - არამედ, მუხლზე სხვა პრობლემა ჰქონდეს და დამატებითი გამოკვლევების ჩატარება გახდეს საჭირო.
შეგახსენებთ, სერია A-ს პირველი ტურის მატჩი, სადაც "ნაპოლი" "ფროზინონეს" დაუპირისპირდება, 19 აგვისტოს შედგება. კვარაცხელიას ტრავმის სირთულესთან დაკავშირებით კი დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.